შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქართველმა მოცურავე ნიკა თვაურმა თურქეთში, ქალაქ ალანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც 20 ქვეყნის მოცურავეები გამოდიოდნენ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თვაურმა 50 მეტრზე ბრასით ცურვაში მესამე ადგილი დაიკავა. ამ გამარჯვებით უსინათლო სპორტსმენმა თვაურმა ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა, რომელსაც ივლისში გერმანია უმასპინძლებს. თვაურს ევროპირველობაზე 2012 წელს ლონდონში დაგეგმილი პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვების შესაძლებლობა ექნება.
თვაურის მიერ მოპოვებული მედალი დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში პირველია ცურვის სახეობებს შორის.
ქართველი სპორტსმენის მწვრთნელია ჰენრი კუპრაშვილი.