"საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორისტული საქმიანობის ახალი ეტაპი დაიწყო", - ნათქვამია სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი მესაზღვრის მკვლელობას აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული სპეცსამსახურების საქმიანობის ახალი ეტაპის დაწყებად აფასებს", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "ტეროტისტული საქმიანობის ახალი ეტაპის დაწყება სიტუაციის დესტაბილიზებასა და გალის რაიონის მოსახლეობის დაშინებას ისახავს მიზნად".
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო "შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ბანდფორმირებები თავის საქმიანობას აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს სრული მხარდაჭერით ახორციელებენ".
"სავსებით ცხადია, რა მიზნით მოახდინა საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ბანდფორმირებების წევრების ამნისტირება, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აფხაზეთის გალის რაიონში მოსახლეობაზე თავდასხმებს ახორციელებდნენ", _ ნათქვამია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხს აფხაზური მხარე აუცილებლად ჩართავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრების დღის წესრიგში.
"აფხაზური მხარე ასევე აპირებს მიაღწიოს საერთაშორისო შუამავლების მწვავე რეაქციას და დაგმობას აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებისა, რომლებსაც ძალუძს ახალ დაძაბულობაში და კონფლიქტის ესკალაციაში გადაიზარდოს", _ ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, გალის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი შეიარაღებული კრიმინალური "გარჩევის" დროს დაიღუპა", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - გალის რაიონში შეიარაღებული შეტაკების დროს ერთი რუსი მესაზღვრე და ორი თითქოს და "ქართველი დივერსანტი" დაიღუპა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, გალის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი შეიარაღებული კრიმინალური "გარჩევის" დროს დაიღუპა .
"გალის რაიონში შეიარაღებული კრიმინალური "გარჩევის" დროს დაღუპულია ერთი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი - უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ჯარების მოსამსახურე და ორი პიროვნება, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2002 წლიდან ყაჩაღობის, ქურდობისა და მძევლად ხელში ჩაგდებისათვის ძებნილი ლაშა სიჭინავა, რომელსაც დაუსწრებლად მისჯილი ჰქონდა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა", _ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გალის რაიონში მოკლული რუსი სამხედრო გვარად კვიტკო აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ე.წ. სასაზღვრო სამსახურში მსახურობდა. გალის რაიონის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორი ლავრენტი მიქვაბია აცხადებს, რომ ინციდენტი სოფელ ჭუბურხინჯში პატრულირების დროს მოხდა. უცნობმა პირებმა რუსი ოკუპანტების პატრული დაცხრილეს, რის შედეგადაც სამხედრო გარდაიცვალა. რუსმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ორი თავდამსხმელი მოკლეს.