ბათუმში წყლისა და კანალიზაციის პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო. ქალაქში მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა. ლევან ვარშალომიძე ადგილზე გაეცნო პროექტის მიმდინარეობის დეტალებს.
სამუშაოები ქალაქის რამდენიმე უბანში ერთდროულად მიმდინარეობს.ტენდერში გამარჯვებული კომპანიები დეკემბრის ბოლოდან დაიწყებენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პარალელურად, სალიბაურის წყლის რეზერვურების, მეჯინისწყლის წყალსადენის სათავე ნაგებობისა და ბარცხანის სატუმბოს სადგურის სამშენებლო სამუშაოები სრულდება.
პროექტი გერმანული ბანკის კრედიტით ხორციელდება და რეაბილიტაციის მეორე ეტაპი 35 მილიონი ევროთი ფინანსდება. წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი 2014 წელს დასრულდება.