საქართველო ნატო-ს "პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის" (NATO/PfP) ფარგლებში სწავლება "ვიკინგ 2011-ს" მასპინძლობს.
როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, სწავლების მიზანია NATO/PfP ქვეყნების სამხედრო, სამოქალაქო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის, ინტეროპერატიულობისა და ურთიერთნდობის გაღრმავება.
"ვიკინგ 2011" სიმულაციური ქსელების დახმარებით ვირტუალურად მიმდინარეობს. სწავლება სამშვიდობო და კრიზისებზე რეაგირების ოპერაციების დახვეწას ემსახურება.
სწავლებისთვის შექმნილია სპეციალური პროგრამა. პროგრამით გათვალისწინებული სცენარი გულისხმობს ვირტუალურ ქვეყანა "ბოგალანდში" მიმდინარე კონფლიქტის სამშვიდობო ოპერაციის მეშვეობით მოგვარებას.
სამინისტროს მტკიცებით, სცენარი მაქსიმალურად მიახლოებულია რეალობასთან - მოვლენები/ინციდენტები მოდელირებულია მიმდინარე კონფლიქტების შესაბამისად (აფრიკა და ცენტრალური აზია).
"ვიკინგ 2011-ში" 24 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები მონაწილეობენ. სწავლების ძირითადი ორგანიზატორი შვედეთის სამეფოა. შვედეთშია განთავსებული მთავარი შტაბი, ბრიგადის დონის შტაბები კი საქართველოში, ავსტრიაში, გერმანიაში, ირლანდიასა და უკრაინაში ფუნქციონირებს.
"ვიკინგ 2011" ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს, სადაც სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში ქართული ქვეითი ბრიგადის გაწვრთნა ხდება.