"თუკი პარტიებს შორის "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს, რატომ ეშინია მას სამართლიანი არჩევნების ჩატარების, ვერ გავიგე", - განუცხადა "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ ჟურნალისტებს NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, წინასწარი ინფორმაციით, მმართველ გუნდს მოსახლეობის 52 %-ზე მეტი ენდობა.
"ყველა გამოკითხვებში ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს, ასე რომ, არც ამ კვლევის შედეგები გამკვირვებია", - აღნიშნა შარტავამ.
კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს "თავისუფალი დემოკრატებიც" და აცხადებს, რომ ის ქვეყანაში არსებულ რეალობას არ ასახავს.
"ასეთი კვლევები ხშირ შემთხვევაში რეალურ შედეგს არ იძლევა. გაგახსენებთ უკანასკნელ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაპერიოდში ჩატარებულ კვლევას, რომელშიც ირაკლი ალასანიას რეიტინგი 7 %-ით იყო განსაზღვრული, თუმცა როგორც არჩევნებზე გამოჩნდა, მას მოსახლეობის 30 %-ზე მეტმა მისცა ხმა", - განუცხადა ჟურნალისტებს ალასანიას თანაპარტიელმა ირაკლი ჩიქოვანმა.
მან ასევე "გაუგებრობა" უწოდა პარტიის წევრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, "თავისუფალ დემოკრატებს" მოსახლეობის 35 % უჭერს მხარს.