დღეს, 8 აპრილს, პარლამენტი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეთა შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონში შედის, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეთა ფულადი კომპენსაციის ოდენობას სასამართლო დაადგენს.
მოქმედი კანონმდებლობით, კომპენსაცია ეკუთვნის პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად. აგრეთვე, კომპენსაციის მიღება შეუძლია პირს, რომელიც ასეთი რეპრესირებული ადამიანის პირველი რიგის მემკვიდრეა.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ჩიორა თაქთაქიშვილი განმარტავს, კომპენსაციის ოდენობა კანონით უნდა ყოფილიყო დადგენილი, თუმცა დღემდე კანონში ასეთი ნორმა არ არსებობდა და შესაბამისად, კომპენსაციაც არავის მიუღია.
კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და ჩიორა თაქთაქიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 20 ათასი რეპრესირებული და მათი პირველი რიგის მემკვიდრეა.