საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას შეხვდა.
მხარეებმა ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები) ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ბერლინის მინისტერიალისთვის მზადების პროცესზე, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
ჯეიმს აპატურაი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. მან უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან. ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იმყოფებოდა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაი უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას შეხვდება და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ეწვევა.
ნატოს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს დღესვე დატოვებს.