იტალიის დედაქალაქ რომში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო მანიფესტაცია იმართება.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციაში 350 ათასი ადამიანი მონაწილეობს. მანიფესტანტებს ხელში იტალიის პრემიერის კარიკატურები უჭირავთ და გაშლილი აქვთ ტრანფარანტები _ "ბერლუსკონი გადადგეს".
დემონსტრანტები სკანდირებენ "ქურდი" მაფიოზი", "ლოთი". აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ეკუთვნიან, თუმცა მანიფესტანტებს შორის ოპოზიციის მხარდამჭერები და ლიდერები მრავლად არიან.
მანიფესტაციაში მონაწილეობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ანტიკორუფციული ოპერაციის "სუფთა ხელების" ყოფილი ხელმძღვანელი, ანტონიო დი პიეტრო.
"დღეს არის წინააღმდეგობის პირველი დღე, ვიდრე ჩვენ მივიტანთ გადამწყვეტ დარტყმას ფაშისტურ მთავრობაზე. დღეს არის დემოკრატიის პირველი დღე, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს. ხალხს უნდა, რომ ბერლუსკონი წავიდეს, იმიტომ, რომ მისი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკა ართმევს პატიოსან ადამიანებს და აძლევს უსინდისოებს. მთავრობა ხშირად იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც მაფიოზების ქმედებებს გავს", _ აცხადებს ანტონიო დი პიეტრო.
იტალიის სახელმწიფო ტელეკომპანია "რაიმ" უარი განაცხადა მანიფესტაციის პირდაპირ ტრანსლირებაზე, თუმცა მას რამდენიმე ნაციონალური თანამგზავრული არხი და ევროკავშირის რიგი ქვეყნების ტელეკომპანიები გადასცემენ.