რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 7 დეკემბერი რუსეთში ქალაქ პერმში მომხდარი ტრაგედიის გამო გლოვის დღედ გამოცხადა. შესაბამის განკარგულებას მედვედევმა დღეს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური ავრცელებს.
"სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ახლობს და ამასთან დაკავშირებით ვბრძანებ: 1. 2009 წლის 7 დეკემბერი რუსეთის ფედერაციაში გამოცხადდეს გლოვის დღედ. 2. გლოვის დღეს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაეშვას სახელმწიფო დროშები. 3. შეეთავაზოს ყველა ტელეარხს, რადიოსადგურს და კულტურულ დაწესებულებას ამ დღეს გადადოს ყველა გასართობი გადაცემა და ღონისძიება. 4. რუსეთის მთავრობამ და პერმის ოლქის ხელისუფლებამ მიიღოს ყველა საჭირო ღონისძიება დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების დასახმარებლად",_ ნათქვამია დიმიტრი მედვედევის მიერ დღეს ხელმოწერილ ბრძანებულებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქალაქ პერმში წუხელ დაახლოებით 01:00 საათზე ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა. აღნიშნული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით 103 ადამიანი შეადგინა. დაშავებულია 142 ადამიანზე მეტი.