ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 24 ნოემბერს მსჯავრდებულ ერმილე თორთლაძის საქმეზე უკვე მესამედ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. დროებითი ზომის გამოყენების შესახებ, რაც გულისხმობს მთავრობისათვის განმცხადებლის სასარგებლოდ გარკვეული ქმედებების განხორციელების დავალდებულებას. ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ იგი ვალდებულია მიიღოს განმცხადებელ ერმილე თორთლაძის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა და მოხდეს განმცხადებლის მოთავსება ისეთ პირობებში, რომელიც შეესაბამება გულით ავადმყოფის მდგომარეობას.
ევროსასამართლო საქართველოს მთავრობისგან ასევე ითხოვს 16 დეკემბრამდე ევროსასამართლოს წარუდგინოს უახლესი ინფორმაცია ერმილე თორთლაძის ავადმყოფობის ისტორიის შესახებ.
ერმილე თორთლაძის ინტერესებს ევროსასამართლოში იცავენ ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატები მანანა კობახიძე და ელენე ფილეევა.
ერმილე თორთლაძეს მიმდინარე წლის აპრილში კლინიკა "გულში" ჩაუტარდა კარდიოსტიმულატორის ინპლანტაცია. ოპერაციის შემდეგ თორთლაძე ისევ გადაიყვანეს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც არ არსებობს მძიმე კარდიოლოგიური დაავადების მქონე ავადმყოფის მკურნალობის და სიცოცხლის შენარჩუნების მინიმალური პირობებიც, რაც განაპირობებს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის მაღალ რისკს. ადვოკატთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, თორთლაძესთან არ უშვებენ დამოუკიდებელ ექიმებს.
ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა მოეხდინა ერმილე თორთლაძის სპეციალიზირებულ კარდიოლოგიურ კლინიკაში მოთავსება, თუმცა მთავრობას ეს მითითება დღემდე არ შეუსრულებია. მით უმეტეს, რომ 2009 წლის 27 ივლისს გერმანიიდან ბერლინის გულის ინსტიტუტიდან მოვიდა სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ ერმილე თორთლაძის სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გულზე მექანიკური ცირკულატორის ინპლანტაცია. ამ შემთხვევაში, მთავრობამ თავად უნდა უზრუნველყოს პატიმრის მკურნალობა, ან იხელმძღვანელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 607-ე ან 608-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოხდის გადავადებას ან სასჯელისაგან მთლიანად გათავისუფლებას.
ადვოკატები მანანა კობახიძე და ელენე ფილეევა შეახსენებენ შესაბამის პირებს და ორგანოებს, რომ ევროსასამართლოს მითითებები ქვეყნის მთავრობისათვის არის სავალდებულო ხასიათის, ამიტომ მოუწოდებენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს ბატონ დიმიტრი შაშკინს, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ერმილე თორთლაძის გადაყვანა სპეციალიზირებულ კარდიოლოგიურ ე/წ. ჩაფიძის კლინიკაში. წინაღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა განმცხადებლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ეკისრება სახელმწიფოს.
ერმილე თორთლაძე იყო კოტ დ'ივუარის საპატიო კონსული საქართველოში. იგი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს საკონსულოს შენობაში 2005 წლის 25 აგვისტოს და ბრალად წაუყენეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. Mსაქალაქო სასამართლომ მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ერმილე თორთლაძემ ევროსასამართლოს საჩივრით პირველად 2006 წელს მიმართა, უკანონო დაკავებისა და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო. 2008 წელს კი ევროპის სასამართლოში გაიგზავნა განაცხადი სამართლიანი სასამართლოს და სხვა უფლებათა დარღვევის გამო. პირველ საქმესთან დაკავშირებით ევროპის სასამართლოში ძირითადი კომუნიკაცია უკვე დასრულებულია და უახლოეს პერიოდში მოხდება გადაწყვეტილების გამოტანა. მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ევროპის სასამართლომ დაუშვა პრეცედენტი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებლის მიმართ უკვე მესამეჯერ აამოქმედა ე.წ. დროებითი ზომა, რაც მიუთითებს საქმის პრიორიტეტულობაზე.