საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის მტკიცებით, ჰააგის სასამართლოს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვაზე უარი არ უთქვამს და პროცესი მხოლოდ შეაჩერა.
"სარჩელის განხილვის შეჩერება ერთმა ტექნიკურმა საკითხმა გამოიწვია, რომელიც ეხება დიალოგის რესურსის არამოწურვას... ჰააგის სასამართლოში მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ საკითხზე რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის რესურსი ჯერ კიდევ არ არის ამოწურული და მისი ამოწურვის შემთხვევაში ქართულ მხარეს საშუალება ექნება საქმის დაუყონებლივ განხილვა მოითხოვოს" - განუცხადა მინაშვილმა ჟურნალისტებს.
ამასთან, დეპუტატის განმარტებით, ჰააგის სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება, რუსეთის მიერ საქართველოში ეთნიკური წმენდა აღიარა.
"დღეს ჰააგაში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, სადაც მოსამართლეებმა ცალსახად გამოაცხადეს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის (და არა საქართველოსა აფხაზეთს, ან საქართველოსა ცხინვალს შორის) ეთნიკურ წმენდასა და ეთნიკურ დისკრიმინაციაზე დავა ნამდვილად არსებობს", - განმარტა მინაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ აღიარა, რომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის განხილვა მის კომპეტენციაში არ შედის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესმა" გაავრცელა.
გაეროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს მიერ მსგავსი გადაწყვეტილების გამოტანა და იმის განცხადება, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა მის კომპეტენციაში არ შედის ნიშნავს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქმის წარმოება შეწყდება.
სარჩელში საქართველო რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებების დახმარებით, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციში ადანაშაულებდა. სარჩელი 1990-2008 წლების შემთხვევებს აერთიანებდა. 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილ სარჩელში საქართველო რუსეთის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ამტკიცებდა.