თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეებს, ბიზნესმენებს რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს მიერ რამდენიმე წუთის წინ გაცხადებული ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, ფუქსს პატიმრობის ვადად 7 წელი, ფრენკელს კი 6 წელი განესაზღვრათ.
გარდა ამისა, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ორივე მსჯავრდებულს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს - ფრენკელს 100 ათასი ლარის, ფუქსს კი 500 ათასი ლარის ოდენობით.
ბიზნესმენები დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილში გამოცხადდნენ, რაც სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის მიცემას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.