დღეს სტამბულში, სავარაუდოდ მკვლელობაში ეჭვნიტანილი ქართველი დედა-შვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ეს იქნება განმწესრიგებელი სხდომა რომელზეც დადგინდება თუ როდიდან დაიწყება საქმის არსებითი განხილვა. წინასწარი ცნობით პროცესს თავად ეკატერინე და ვიოლა ოჩხიკიძეები არ დაესწრებიან. საქართველოს მოქალაქეები უკვე ციხეში არიან გადაყვანილები.
აღსანიშნავია, რომ ვიოდა და ეკატერინე ოჩხიკიძეების შემდეგ შესაძლოა თურქი სამართალდამცავები მოკლული ბავშვის მამით დაინტერესდნენ. გამოძიებისათვის ჩვენების მიცემას აპირებს ბავშვის ბიოლოგიური დედა, რომელმაც შვილი ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ ვერ ნახა, რომ ამის უფლებას მას მამა არ აძლევდა. ეს ქალბატონი აცხადებს, რომ მამა იყო მუდმივად ძალადობის ინიციატორი, ბავშვი რამდენჯერმე იძულებით თავშესაფარში გააგზავნა და აქედან გამომდინარე მან პასუხი უნდა აგოს.
თურქეთში უკვე დიდი ხანია, რაც საუბარი დაიწყო სიკვდილით დასჯის მუხლის ამოქმედებაზე, თუმცა საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი ამ დანაშაულის შემდეგ ეს გახდა გარკვეული კატალიზატორი, რათა უფრო მეტ ადამიანს მოეთხოვა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის მუხლის ამოქმედება.
დღეს დილიდან თურქულმა პრესამ დათვალა და გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, ანუ ყოველწლიურად, რამდენ ბავშვს კლავენ თურქეთში საკუთარი ან გარეშე პირები და რამდენი ბავშვი ხდება ყოველწლიურად ძალადობის მსხვერპლი. სტატისტიკური მონაცემები შემაშფოთებელია, ვინაიდან ყოველწლიურად ეს ციფრი განუხრელად იზრდება. აქედან გამომდინარე მოქალაქეები ფიქრობენ, რომ უმკაცრესი სასჯელის ამოქმედება აუცილებელია.