განიხილავს თუ არა ჰააგის საერთაშორისო სასამართლო თბილისის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ორი წლის წინ შეტანილ სარჩელს, დღეს გახდება ცნობილი.
სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ღია სხდომა ჰააგაში, მშვიდობის სასახლეში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება. სასამართლოს გადაწყვეტილებას თავად სასამართლოს პრეზიდენტი, მოსამართლე ჰისადი ოვადა წაიკითხავს.
საქართველო რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებების დახმარებით, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციში ადანაშაულებს. სარჩელი 1990-2008 წლების შემთხვევებს აერთიანებს. 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილ სარჩელში საქართველო ამტკიცებს, რომ რუსეთმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე პერიოდში სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ინტერვენციები განახორციელა.
რუსეთის მხარის მტკიცებით კი, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში არ შედის სარჩელის განხილვა, რის კონტექსტშიც მოსკოვმა საქმის განხილვის შეწყვეტა ითხოვა.
ამასთან დაკავშირებით მხარეებმა თავიანთი ზეპირი არგუმენტები სასამართლოს 2010 წლის 13 სექტემტრიდან 17 სექტემბრამდე პერიოდში გამართული საჯარო მოსმენების ორ რაუნდზე წარუდგინეს.
თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ აღნიშნული საქმე მის კომპეტენციაში შედის, ის ცალკე მოსმენებს გამართავს და სარჩელის არსებით განხილვას დაიწყებს.