დღეს,1-ელ აპრილს, 19:00 საათზე, 14 წლის ვირტუოზი ქართველი პიანისტი ირმა გიგანი ეროვნულ მუსიკალური ცენტრში სოლოკონცერტს გამართავს. კონცერტის ორგანიზატორი საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრია.
ირმა გიგანის პედაგოგია პროფესორი თენგიზ ამირეჯიბი.
ახლახან ირმა გიგანი ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა მეორე კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. კონკურსი საქართველოში პოლონეთის საელჩოსა და "საქართველოს კონკურსების მუსიკალური ფონდის" ინიციატივით ჩატარდა და მასში 8 კონკურსანტი მონაწილეობდა. ამავე კონკურსზე, პირველი ადგილის გარდა, ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის, გიგანი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიწვევით კი, 2011 წლის ოქტომბერში 14 წლის ქართველი პიანისტი ვარშავაში კონცერტს გამართავს.
2010 წლის 19 ნოემბერს, აშშ-ში, ბროდვეიზე, ნიუ იორკის "art schiil"-ის დიდ დარბაზში ირმაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ფილმის რეჟისორი სანდრო ვახტანგოვია, რომელსაც ანალოგიური სურათები ლიანა ისაკაძეზე, ალექსანდრე კორსანტიასა და სხვა ცნობილ ქართველ მუსიკოსებზეც აქვს გადაღებული. დოკუმენტურ ფილმში შესულია ყველა ის კონცერტი, გამოსვლა და მასტერ-კლასი, რომელიც ირმა გიგანს 5 წლის ასაკიდან დღემდე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაუმართავს. სანდრო ვახტანგოვის ფილმში მოხვდა აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის სექტემბერში დაბომბილ გორში გამართული ირმა გიგანის მშვიდობის მანიფესტიც.
გიგანი არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია: 2002 წლის 16 ივნისს, იტალიის ქალაქი მინერბიოში გამართულ 8-13 წლის შემსრულებელთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე ირმა ლაურეატი და გრან-პრის მფლობელი გახდა; 2002 წელს მონაწილეობა მიიღო საკონცერტო მარათონში _ "ნიჭიერი ბავშვები" და პირველ საერთაშორისო ფესტივალში _ "ხელოვნების ზეიმი"; 2003 წლის თებერვალში სოლოკონცერტი გამართა თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში; 2003 წლის 3 აპრილს შემსრულებელთა მესამე რესპუბლიკურ კონკურსზე, ასაკის გამო, ირმამ კონკურსგარეშე მიიღო მონაწილეობა და საქართველოში აშშ-ის საელჩო სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა; 2003 წლის სექტემბერში მოსკოვში, საქართველოს საელჩოში ირმა გიგანის სოლოკონცერტი გაიმართა.
"მუსიკა არასოდეს მღლის, თუმცა მეცადინეობისას 15-15 წუთს ვისვნებ. მეცადინეობაზე მეტად კონცერტზე გასვლა მსიამოვნებს, რადგან სცენა ძალიან მიყვარს. მსიამოვნებს, როცა ტაშს მიკრავენ და ყვავილები მოაქვთ", _ ამბობს პიანისტი.