1-ელ აპრილს, 12:00 საათზე, ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ოფისში დევნილთა უფლებების დარღვევის ფაქტზე პრესკონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" აღნიშნული ორგანიზაციიდან აცნობეს.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" სასამართლოში სარჩელი 2011 წლის 20 იანვარს ე.წ. სტუდქალაქის დასახლებიდან პოლიციის მიერ დევნილების მასობრივ, იძულებით გამოსახლებასთან დაკავშირებით შეიტანა.
"გამოსახლების დროს არ იყო უზრუნველყოფილი კანონით გათვალისწინებული ნორმების შესრულება. დღემდე არ მომხდარა ყველა იმ პირის დაკმაყოფილება კომპენსაციით, ვისაც სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება გამოსახლებამდე უნდა მიეღო. დაზარალებულებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რათა გაეცათ მათ სასარგებლოდ კანონით დადგენილი საკომპენსაციო თანხა, მაგრამ უშედეგოდ. არც ერთ მათგანს კომპენსაცია დღემდე არ მიუღია. მოსარჩელეთა განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა, მათი სურვილის მიუხედავად, მოახდინეს მათი ტრანსპორტირება მარნეულის რაიონში, კერძოდ, სოფელ "წინწყაროში", სადაც არ არსებობს არანაირი მინიმალური საარსებო პირობები: არ არის ელექტროენერგია, წყალი, სკოლა, საავადმყოფო, საბავშო ბაღი, ეს არის მიტოვებული, საცხოვრებლად უვარგისი ტერიტორია, სადაც არ არსებობს არანაირი ინფრასტრუქტურა, არის მხოლოდ მიტოვებული შენობა-ნაგებობები, რომელიც მათ მიყვანამდე ბოსელის ფუნქციას ასრულებდა", - აცხადებენ "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენლები.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დევნილი მოსახლეობა არასრულწლოვანი შვილებით, მოხუც და ავადმყოფ ოჯახის წევრებთან ერთად, ზამთრის ცივ დღეებში დარჩა ღია ცის ქვეშ. არც ერთ მათგანს სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია და ყველა მათგანი ამაჟამად ნათესავთან ცხოვრობს.
აღნიშნულის გამო, მოსარჩელეების სახელით, "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" რამდენჯერმე მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, რაზეც პასუხი დღემდე არ მიუღია.
შედეგად "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა", დევნილთათვის კუთვნილი კომპენსაციის გადაცემის მოთხოვნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა.
პრესკონფერენციას კოდორის ხეობიდან დევნილებიც დაესწრებიან.