11 წლის მოზარდის მკვლელობისთვის თურქეთში დაკავებულ ქართველ დედა-შვილს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
დაკავებულთა ადვოკატის, სალომე ჯორჯაძის განცხადებით, მუხლი, რომლითაც ვიოლა და ეკატერინე ოჩხიკიძეებს გაასამართლებენ, თურქეთის კანონმდებლობით სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებს.
"დაკავებულებს წინასწარ განზრახ მკვლელობის ბრალდება წარედგინათ. თურქეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობით ეს დანაშაული სასჯელის უმაღლეს ზომას - სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ასე რომ, მათ კარგი არაფერი ელოდებათ", - აცხადებს ოჩხიკიძეების ადვოკატი.
მისივე განმარტებით, ქართველი დედა-შვილი ჩადენილ დანაშაულს ინანიებენ და ამტკიცებენ, რომ 11 წლის მოზარდის მკვლელობის მომენტში აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ადვოკატი არც იმას გამორიცხავს, რომ საქმის სირთულისა და სისასტიკიდან გამომდინარე, სასამართლომ ოჩხიკიძეებს განაჩენი ერთს სხდომაში გამოუტანოს.
შეგახსენებთ, რომ 11 წლის ფირატ სეზერის მკვლელობისთვის სტამბოლის პოლიციამ მოზარდის ქართველი დედინაცვალი და მისი დედა ორი დღის წინ დააკავა. ვიოლა და ეკატერინე ოჩხიკიძეებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ ბრალი. ქართველი დედა-შვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დღეს უკვე საპატიმროში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველების მიერ ჩადენილი ეს შემზარავი დანაშაული მთავარი თემაა თურქული მედიისთვისაც. ბეჭდური მედიის ინფორმაციით, თურქი მოსახლეობა ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის, რადგან ქვეყანაში წლების წინ გაუქმებული სიკვდილით დასჯა აღდგეს.