სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე სახალხო დამცველის ანგარიშში "ბევრ საკითხს" არ ეთანხმება.
"სახალხო დამცველის ანგარიშს ახლა ვეცნობით, თუმცა ალბათ იქნება ისეთი საკითხები, რაზეც ჩვენ ვერ შევთანხმდებით", - განუცხადა კალმახელიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ.
რაც შეეხება პატიმართა სიკვდილიანობის ზრდას, რაც აღნიშნულ ანგარიშში ერთ-ერთ კველაზე მწვავე პრობლემად არის მიჩნეული,მინისტრი აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა გარდაცვალება სამინისტროსვის ძალიან დიდი განსაცდელია.
"მინდა ვთქვა, რომ პატიმრის გარდაცვალების თითოეული შემთხვევა სამინისტროსთვის ძალიან დიდი განსაცდელია. სამინისტრო ამ პრობლემის აღმოფხვრაზე ძირეულად ზრუნავს. ძალიან ბევრი რეფორმა ჩატარდა სამედიცინო კუთხით. გვაქვს კონკრეტული სტრატეტიაც. სამინისტრო სრული შემართებით მუშაობს რომ აღმოიფხვრას პენიტენციალურ სისტემაში არსებული ყველა პრობლემა, მაგრამ ამას სჭირდება დრო. ეს პირადად ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, კალმახელიძემ სახალხო დამცველი თავად გააკრიტიკა და უსაყვედურა, რომ ანგარიშში არ მოხვდა ისეთი საკითხები, როგორიცაა პატიმართა დასაქმება და მათ განათლებაზე ზრუნვა, რა მიმართულებითაც სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ანგარიში ცნობილი დღეს გახდება. 600-გვერდიან დოკუმენტი ყველაზე დიდი კრიტიკა სწორედ კალმახელიძის უწყებასა და პენიტენციალურ სისტემაში შექმნილ პრობლემებზე მოდის.