"ყველა არხი რომლის მეშვეობითაც აფხაზეთში ნარკოტიკული ნივთიერებები შემოდიოდა, თითქმის დახურულია, ხოლო შს სამინისტროს თანამშრომლები, რომლებსაც ამასთან კავშირი ჰქონდათ დასჯილნი არიან", _ ეს განცხადება აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრმა ლეონიდ ძიაპშბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა თუმცა "დასჯილი" ე.წ. სამართალდამცავების ვინაობა არ დაასახელა და მხოლოდ აღნიშნა, რომ "ისინი დღეს ორგანოებში არ მუშაობენ, ხოლო სისტემაში რეორგანიზაციაა მომხდარი, კერძოდ, სისხლის სამძებროში".
ე.წ. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთში ძირითადად დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების - მეტადონის, კოკაინისა და ოპიუმის პარტიები შედიოდა.
"დიდი რაოდენობით ადამიანები დავაკავეთ. თითქმის 80 % დახურულია არხი, რომლის მეშვეობითაც მეტადონი შემოდიოდა. ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ ამ მიმართულებით ჩვენს რუს კოლეგებთან, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია", _ განაცხადა მან.
ძიაპშბამ რთული უწოდა მდგომარეობას, რომელიც ახალგაზრდებს შორის ფსიქოტროპული ნივთიერებების გავრცელებას ეხება და აღნიშნა, რომ მხოლოდ მილიციის ძალებით ეს პრობლემა არ გადაწყდება და ამაში საზოგადოების ჩართვაა აუცილებელი.