საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის აზრით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო შემოღების თაობაზე მინსკში გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკური სარჩული არ უნდა ედოს.
"არ ვიტყოდი, რომ ამის უკან რაიმე პოლიტიკური სარჩული უნდა იქნას დანახული. უვიზო მიმოსვლის გამო ხშირია უკანონო მიგრაცია, რაშიც, სამწუხაროდ, ქართველებიც მონაწილეობენ. ამიტომ თუ ბელორუსი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებას გადაწყვეტს, მე მას მეტწილად აღნიშნულ ტექნიკურ პრობლემას დავუკავშირდები", - განუცხადა კალანდაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ.
ამასთან, მისივე განმარტებით, მსგავსი ტიპის განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა, თუმცა პრაქტიკაში ის აქამდე არ განხორციელებულა.
"ამ ტიპის ინფორმაცია რამდეჯერმე გავრცელებულა, თუმცა აქამდე ის პრაქტიკაში არ განხორციელებულა... თავისთავად ეს განცხადება ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს. ამიტომაც, დღეს ბელორუსში ჩვენი ელჩი ჩვენს ბელორუსელ კოლეგებს ესტუმრება და დეტალების გარკვევას შეეცდება", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსმა საქართველოსთან, შესაძლოა, სავიზო რეჟიმი შემოიღოს. ამის შესახებ განცხადება ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ანდრეი კორლუკოვმა გააკეთა. მისი თქმით, ბელორუსიისთვის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის არარსებობა პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც საქართველოს არაერთი მოქალაქე ბელორუსიაში მოხვედის შემდეგ რუსეთში თავისუფლად გადადის, ისე რომ რუსული ვიზა არ გააჩნია.