"ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრის დემარკაციაზე მდინარე ფსოუს გასწვრივ და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო საზღვრად აღიარებული უნდა იყოს აფხაზეთის ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრები", _ ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ გაზეთ "კომერსანტთან" საუბარში გააკეთა.
"ჩვენ ეს ობიექტურ მიდგომად მიგვაჩნია და ჩვენს აზრზე დარჩენას ვაპირებთ. დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემის გადაწყვეტა მოლაპარაკებათა მსვლელობისას იქნება შესაძლებელი", _ განაცხადა შამბამ.
მისივე თქმით, მთავარია ეს საკითხი ნეგატიური შედეგების გარეშე მოგვარდეს.
"მოლაპარაკებათა პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო. არსებობს მხარეთა პოზიციები. რუსეთს თავისი არგუმენტები აქვს, ჩვენს დელეგაციას თავისი. ჩვენი აზრით, ეს საკითხი ყოველგვარი ნეგატიური შედეგის გარეშე უნდა მოჰგვარდეს - ეს ყველაზე მთავარია", _ განაცხადა სერგეი შამბამ.
"კომერსანტი" ასევე აღნიშნავს, რომ არსებულ უთანხმოებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სერიოზულ პრობლემად არ მიიჩნევენ და ამასთან ერთად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიის 160 კვ.კმ-ს მითვისება სურს.
"ასეთი (სასაზღვრო) საკითხი მართლაც არსებობს, მაგრამ არ არის საჭირო ამ საკითხს პრობლემა უწოდო", _ განაცხადა გაზეთთან საუბარში რუსმა დილომტმა, რომლისთვისაც ცნობილია ამ მოლაპარაკებების დეტალები.
მისივე თქმით, საუბარი მიდის "გაცილებით უფრო მცირე ტერიტორიაზე, ვიდრე პრესაში ხსენებულ 160 კვ.კმ-ზე".
"სულაც არ არის აუცილებელი ეს საკითი ერთი ხელის მოსმოთ გადაწყდეს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ შესაძლოა ასეთი საკითხების გადაწყვეტა გადადებული იყოს იმ დრომდე ვიდრე არ იქნება მოძიებული საარქივო დოკუმენტები", _ აცხადებს რუსი დიპლომატი.