11 წლის მოზარდის მკვლელობისთვის თურქეთში დაკავებულ ქართველი დედა-შვილის ინტერესებს თურქი ადვოკატი დაიცავს. ოჩხიკიძეები წინასწარი პატიმრობის იზოლატორში არიან მოთავსებულნი.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით თურქული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური შეტყობინება უკვე შევიდა. საგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტის უფროსის გიორგი ტაბატაძის განცხადებით, სასამართლოს პირველი მოსმენა გუშინ გაიმართა, თუმცა მას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
"შემდეგისხდომა სამი დღის ვადაში უნდა გამართულიყო, თუმცა ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია, რომ სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. რაც შეეხება მათ სამართლებრივი დაცვას. ადვოკატს, სავარაუდოდ, ბრალდებულის მხარე დაიქირავებს, თუ არა და მათ სახაზინო ადვოკატი დაიცავთ", _ განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.
შეგახსენებთ, რომ 11 წლის ფირატ სეზერის მკვლელობისთვის სტამბოლის პოლიციამ მოზარდის ქართველი დედინაცვალი და მისი დედა გუშინ დააკავა. ვიოლა და ეკატერინე ოჩხიკიძეებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ ბრალი.