5 დეკემბერს, 09:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში (მის: გუდიაშვილის #7) ჩატარდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა. წერით გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) წარმატებით ჩააბარეს და გამსვლელი ქულა დააგროვეს. წერით გამოცდაზე მონაწილეობას მიიღებს 44 პირი. წერითი გამოცდა ტარდება ერთ ტურად. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოსაცდელებმა ექვსი საათის განმავლობაში უნდა ამოხსნან საგამოცდო ბილეთი, რომელიც ხუთი საკითხისაგან (კაზუსი) შედგება. კაზუსის ამოხსნის დროს გამოსაცდელმა უნდა შეძლოს სამართლებრივი კვალიფიკაციის სამართლებრივ ნორმებთან მისადაგება. ასევე გადაწყვეტილების დასაბუთება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული არგუმენტებით. საგამოცდო ბილეთის თითოეული საკითხი ფასდება ხუთქულიანი სისტემით. წერითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ მცირე, 15 ქულას.