ხელისუფლებას მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება ქართველი ერის დაშინებისა და შეურაცხყოფისთვის, - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა დღეს, პარლამენტში რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს განაცხადა.
"შეურაცხმყოფელია, როდესაც ვითომ დასაქმებისთვის შექმნილი გადაცემის ბაზარში შესულ კამერას ხალხი ემალება და გარბის. კომუნისტების დროსაც კი, 9 აპრილის დღეებში, კამერების დანახვაზე ქართველები არ გარბოდნენ. სხვა რაღაა ეს თუ არა ტოტალიტარიზმი? თქვენ ცდილობთ დააშინოთ ერი, რომელიც 20 საუკუნეა ვერავინ შეაშინა, მაგრამ ეს იცოდეთ, რომ შეშინებული კაცი ვერც გარე ომში გაიმარჯვებს", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისივე შეფასებით, საქართველოში ერთადერთი კარგად რაც მუშაობს ეს არის სადამსჯელო მანქანა და "თავისუფალი დემოკრატები" მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ იმიტომ სხედან, რომ როგორმე გააქრონ შიშის სინდრომი.
"როცა დიალოგი წყდება, ტყვიები იწყებენ საუბარს" - დასძინა დეპუტატმა.