აშშ-ის ჯარების სარდალმა, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას წერილი გამოუგზავნა.
წერილში გენერალი პეტრეუსი საქართველოს თავდაცვის უწყებას ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის გამო მადლობას უხდის.
"მსურს გამოვხატო ჩემი უდიდესი მადლიერება ნატო-ს ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით. 31-ე (2010 წლის აპრილი-ნოემბერი) და 32-ე (2010 წლის ნოემბერი-დღემდე) ბატალიონებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ნიმრუზსა და ჰელმანდის პროვინციების უსაფრთხოებასა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში", - ნათქვამია წერილში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სამხედრო შენაერთები "წარმატებით თანამშრომლობდნენ ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებთან და ადგილობრივ სამთავრობო ლიდერებთან".
"უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარების თვალსაზრისით მათ ერთობლივად განახორციელეს უამრავი ინიციატივები და ოპერაციები. ავღანელი ხალხის მიმართ თქვენი ჯარისკაცების დამოკიდებულებამ ხელი შეუწყო ISAF-ისა და ავღანეთის ისლამისტური რესპუბლიკის მთავრობისადმი (GIRoA - the government of the Islamic Republic of Afganistan) ნდობის გაზრდასა და განმტკიცებას. მაგალითისთვის შემიძლია აღვნიშნო, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ოპერირებენ მუსა ქალეჰის სამხრეთ ნაწილში, დღეს უკვე ქვეითები პატრულირებენ. თქვენი ჯარისკაცები ნამდვილად გამოირჩევიან თავიანთი სიმამაცითა და გამბედაობით. ამ ყოველივეს კი მათ მიერ ქვეითი პატრულირებაც ცხადყოფს, რომელიც დიდ გამბედაობას მოითხოვს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული რისკების გათვალისწინებით", - აღნიშნულია ბაჩო ახალაიასთვის გამოგზავნილ წერილში.
გენერალი პეტრეუსის შეფასებით, ქართველი ჯარისკაცები და ბატალიონების მეთაურები მოტივირებულები და დისციპლინირებულები არიან, რომლებიც შესანიშნავად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მისიას.
"უნდა აღინიშნოს თქვენი ბატალიონების მეთაურების გამორჩეული და განსაკუთრებული დამსახურება მუსა ქალეჰის სამხრეთ ნაწილში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ზრდის თვალსაზრისით. მსურს აღვნიშნო ვიცე-პოლკოვნიკ ფრიდონ ტერელაძისა და მაიორ ალექსანდრე ტუღუშის გამორჩეული თავდადება. ორივე მეთაური არაჩვეულებრივად იცნობს თავის სამოქმედო არეალს, ინარჩუნებენ კარგ დისციპლინას თავიანთ შენაერთებში და ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ მეამბოხეთა გავლენა შეასუსტონ ხალხზე. რეგიონალური სარდლობის მეთაური ავღანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გენერალ-მაიორი რიჩარდ მილსი, უდიდეს კმაყოფილებას გამოთქვამს 31-ე და 32-ე ბატალიონების მიერ რეგიონში განხორციელებულ მართვასა და კონტროლთან დაკავშირებით. მან პირადად მაცნობა, რომ თქვენი ძალები არიან მოტივირებულები, დისციპლინირებულები და შესანიშნავად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მისიას. ქართველი სამხედრო მოსამსახურეების თავდადების, კარგი რეპუტაციის, სიმამაცის, სისხარტისა და პროფესიონალიზმის შესახებ ყველა სამეთაურო დონეზეა ცნობილი", - ნათქვამია წერილში, რომელშიც აშშ-ის ჯარების სარდალი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული საქმიანობით შესაძლებელი იქნება ავღანეთის მთავრობას დახმარება გაეწიოს, რათა მან შეძლოს თავის ხალხს შეუქმნას უფრო მეტად უსაფრთხო გარემო და წარმატებული მომავალი.