თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი დღეს 155-ე საჯარო სკოლაში დიდუბის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საგანმანათლებლო სფეროში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო.
მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ 2009 წელს საგანმათლებლო სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები თითოეული პედაგოგისთვის დიდი სტიმულია.
2009 წელს პედაგოგებს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ხელფასი საშუალოდ 32 ლარით, ხოლო კლასის დამრიგებლებს 62 ლარით გაეზარდათ. პრეზიდენტის სტიპენდიანტი პედაგოგები კი ყოველთვიურად დამატებით 200 ლარს იღებენ. 2010 წლიდან თბილისის მერიის მიერ პედაგოგებისთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადის ასანაზღაურებელი 100-ლარიანი ვაუჩერის გადაცემაა დაგეგმილი. ამ შეღავათებით სკოლების მომსახურე პერსონალიც ისარგებლებს. გარდა ამისა, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში თითოეული სკოლისთვის 10 000 ლარია გათვალისწინებული. ეს თანხა უშუალოდ პედაგოგების მდგომარეობის გაუმჯობესებას, კერძოდ კი მათ პრემიებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სოციალური პროგრამის დაფინანსებას მოხმარდება.
"ვიცი თქვენი შრომის ფასი. სახელმწიფო თქვენ წინაშე ვალშია და მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს თქვენი კეთილდღეობისთვის. პედაგოგობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროფესიაა. რთულია, პირადი პრობლემები სკოლის კარებთან დატოვო და მთელი ძალისხმევა მომავალი თაობის სწორად აღზრდისკენ მიმართო. მე, როგორც თქვენს ყოფილ კოლეგას, ძალიან მიადვილდება და მიყვარს თქვენთან ურთიერთობა", _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
სამადაშვილმა საშუალო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მე-19, 22-ე, მე-100-ე, 155-ე და 166-ე საჯარო სკოლების სკოლების კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა. საპრეზიდენტო პროგრამის "ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში კი ამავე სკოლების მეათე კლასის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტატული კომპიუტერები გადასცა.
პედაგოგებთან შეხვედრას თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.