დასავლური კოალიციის ქვეყნების ჩარევა შიდა სამოქალაქო ომში, რომელიც ლიბიაში მიმდინარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას არ შეესაბამება. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
"მოდის ცნობები, რომ კოალიციას ავიადარტყმები მიაქვს მუამარ კადაფის სამხედროების კოლონებზე და ცნობები შეიარაღებული ამბოხებულების მხარდაჭერისა. აქ აშკარა წინააღმდეგობას აქვს ადგილი. მიგვაჩნია, რომ კოალიციის ჩარევა ლიბიაში მიმდინარე შიდა სამოქალაქო ომში, არსებითად, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სანქცირებული არ არის", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია გაეროს უშიშროების საბჭოზე რეზოლუციისათვის ხმა არ მიუცია.
"ამ რეზოლუციაში არსებობს გაურკვეველი ფორმულირებები რიგ პარაგრაფებში, რომლებიც მათი ორგვარად გაგების საშუალებას ტოვებს. მაგრამ ჩვენ ამ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა არ მიგვიცია და ამით მას გასვლის საშუალება მივეცით და იგი შესასრულებლად სავალდებულო გახდა. რეზოლუცია ერთადერთ მიზნად ე.წ. არასაფრენი ზონის დაწესებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას აყენებს. არავითარი სხვა მიზანი ამ რეზოლუციაში არ არის", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა და აღნიშნა, რომ რეზოლუცია ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ასეთი არასაფრენი ზონის უზრუნველყოფას გადაწყვეტს სერიოზული უფლებებით აღჭურვავს, თუმცა - "ამ უფლებების უკიდეგანობის გამო, მათ აქვთ უფლება მხოლოდ და მხოლოდ დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და არა მონაწილეობა მიიღონ ამ სამოქალაქო ომში ვინმეს მხარეს".
"არადა, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ თავი შევიკავეთ, ჩვენ გვინდოდა განსაზღვრულად დაგვეკონკრეტებინა ის უფლებამოსილებები რომლებიც ქვეყნებს ენიჭებოდა, მაგრამ თანაავტორები ამაზე არ წავიდნენ და ამიტომაც შევიკავეთ ჩვენ თავი", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.