საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, რუსეთს საზღვარი მხოლოდ საქართველოსთან აქვს - აფხაზეთთან საზღვრის შექმნის მცდელობა კი არალეგიტიმურია.
"არ არსებობს რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვარი - არსებობს საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც მკაცრადაა გაყოფილი და განხილვას არ საჭიროებს. შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა შეიქმნას კომისია, რომელიც ახალ საზღვარებს შექმნის არალეგიტიმურია და მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს", _ განაცხადა კალანდაძემ.
ამასთან, კალანდაძის შეფასებით, აღნიშნული, რუსეთის იმ პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს რომელიც საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას გულისხმობს.
"რუსეთს სურს მიიტაცოს საქართველოს ტერიტორიებიდა ამას ფსევდოკომისიების შექმნით ცდილობს", _ განმარტა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსნებთ, რომ დღეს, 28 მარტს, მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე თვის ბოლო ე.წ. რუსულ-აფხაზური ორმხრივი კომისია შეიკრიბება, რომელიც "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციიის სამუშაოს საკითხებს განიხილავს".
კომისია მუშაობას დღეს დაიწყებს და 1-ელ აპრილს დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფხაზურმა დელეგაციამ აღნიშნული სხდომისათვის სხვა და სხვა სახის დოკუმენტები მოამზადა, მათ შორის საარქივო მასალები და კარტოგრაფიული დოკუმენტაცია. "საუბარი მიდის სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის დემარკაციაზე", _ იუწყება აფხაზური მხარე.