სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ხელშეწყობით, პირობით მსჯავრდებული ორი გოგონა ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "ესთეტიკ სერვისში" დასაქმდა.
ამ მიზნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსი თემურ იობიძე ესთეტიკური მედიცინის ცენტრს ესტუმრნენ.
პირობით მსჯავრდებულებს, რომელთაც ხელფასი 200 ლარი ექნებათ, პირველ ეტაპზე ესთეტიკ სერვისის სტილისტების ასისტენტებად იმუშავებენ. ხელობის სრულყოფილად ათვისების შემდეგ, მათი ანაზღაურება შესაბამისად გაიზრდება.
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის შუამდგომლობით, 150-ზე მეტი პრობაციონერი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე დასაქმდა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ პრობაციონერთა დასაქმების სურვილს სხვა კომპანიებიც გამოთქვამენ, რადგან პირობით მსჯავრდებულთა დასაქმება არა მხოლოდ პრობაციონერების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ დანაშაულის პრევენციას უწყობს ხელს, რაც საზოგადოების უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია.