ოპოზიციონერ დეპუტატს გია ცაგარეიშვილს, კონფიდენციალურობის დაცვის შემთხვევაში, ენგურჰესთან დაკავშირებული მემორანდუმის გაცნობის საშუალება მიეცემა.
აღნიშნული პირობა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა დღეს, სამთავრობო დებატებზე დადო, როდესაც ცაგარეიშვილმა "რაოესისთვის" ენგურჰესის მართვით გადაცემაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ ფარულად დაწყებული მოლაპარაკებები გააპროტესტა.
ენერგეტიკის მინისტრი დეპუტატს დაჰპირდა, რომ ნებისმიერ დროს, კონფიდენციალურობის დაცვაზე ხელის მოწერის შემდეგ, მას საშუალება მიეცემა მემორანდუმს გაეცნოს.
"მოლაპარაკებების ინიციატორი ქართული მხარე იყო, რადგან ეს ქვეყნისთვის მომგებიანია", - აღნიშნა ხეთაგურმა და დასძინა, რომ მემორანდუმს პარლამენტის რამდენიმე ოპოზიციონერი წევრი მაშინვე გაეცნო და მათაც აღიარეს, რომ დოკუმენტში ჩაწერილი პირობები საქართველოსთვის მომგებიანია.
ცაგარეიშვილი კი მინისტრის მიერ კონფიდენციალობის ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნამ გააღიზიანა და შეურაცხყოფად შეაფასა.
"თავისუფალი დემოკრატები" წევრმა ხეთაგურს განუმარტა, რომ დეპუტატს ისედაც აქვს ვალდებულებები, რომელსაც ყველა განუხრელად უნდა ასრულებდეს.