თბილისის საქალაქო სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ განცხადებას საქალაქო სასამართლო ავრცელებს. რაც შეეხება დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით გაგნიძესა და დავით ფეიქრიშვილს, მათ შესაბამისად, 8- და 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დემეტრაძესა და გაგნიძეს დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთმევათ ქონება და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა (დემეტრაძის შემთხვევაში 30 000 აშშ დოლარი; დავით გაგნიძის შემთხვევაში 10 700 აშშ დოლარი), რაც სახელმწიფოს გადაეცემა. რაც შეეხება ფეიქრიშვილს, მას დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში - ქურდული სამყაროს წევრობაში ედებოდათ.
საქმე ეხება 2010 წლის, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ. "მაზავშიკებთან" მართლსაწინააღმდეგოდ მოგებულ თანხებს. აღნიშნული თანხების ამოღებისა და შემდგომი გადანაწილების პროცესში "მოგებულებს" ქურდული ტრადიციების მიმდევრები, კერძოდ კი ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი აქტიურად ეხმარებოდნენ, ხოლო მოგებული თანხის გარკვეული ნაწილი საბოლოოდ, "ქურდულ საერთოში", იყრიდა თავს. სწორედ "სავალდებულო თანხის" გადაცემის მომენტში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების დაკავება.
საქმის არსებითი განხილვის პროცესში განსასჯელის დაკავების გამო, სისხლის სამართლის საქმე ვახტანგ ყიფიანის მიმართ გამოიყო ცალკე წარმოებად. სასამართლო სდომაზე ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედება დადასტურებულ იქნა: წარმოდგენილი ოპერატიულ-საძებრო ღონისძიებების და საიდუმლო მიმოწერის მასალებით, დაკავებულთა პირადი ჩხრეკის ოქმებით, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.