თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციულმა საგამოძიებო დეპარტამენტმა, საქართველოს კონტროლის პალატიდან შემოსული მასალების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შედეგად, „საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის" ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ყრუაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის" ექსპერტები - ზურაბ მახოხაშვილი და ვაჟა ჯუღელი, ასევე - შპს „ეკოთერმის" 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი თორნიკე არველაძე დააკავა.
მათ ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისება.
გამოძიებით დადგენილია, რომ აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მუშაკები, „საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის" ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით გამოცხადებულ ტენდერებში, კონკურენტების უკანონო დისკვალიფიკაციის გზით უზრუნველყოფდნენ მათთვის სასურველი მონაწილეების გამარჯვებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიების სატენდერო წინადადებები ცალსახად წამგებიანი იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისათვის.
ამას გარდა, აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლები - სატენდერო კომისიის წევრები ხელმოწერებით ადასტურებდნენ „შესრულებულ სამუშაოთა აქტებში" (ფორმა №2) ხელოვნურად გაზრდილი მონაცემების შესაბამისობას ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან, ხოლო საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროგრამის ექსპერტები ზ. მახოხაშვილი და ვ. ჯუღელი ადგენდნენ იგივე გაყალბებული მონაცემების შემცველ მოხსენებით ბარათებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ კანონის მოთხოვნების სრული უგულებელყოფით ჩატარდა უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოების, აგრეთვე - უნივერსიტეტის საინჟინრო კორპუსისა და სასადილოს გათბობის სისტემის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერები 2007 წლის აგვისტო-დეკემბერში. კანონის გვერდის ავლით გაფორმდა ხელშეკრულება აგრარულ უნივერსიტეტსა და შპს „ეკოთერმს" შორის სასწავლო კორპუსების გათბობის სიტემის მოწყობასთან დაკავშირებით 2007 წლის 12 თებერვალს. გაყალბებული იქნა ტენდერით შესყიდული სამუშაოების შესრულების ფორმები, მიღება-ჩაბარების აქტები და ექსპერტთა მოხსენებითი ბარათები.
ზემოაღნიშნული დანაშაულების შედეგად საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს საერთო ჯამში მიადგა 1.010.890,79 ლარის ოდენობის ზიანი.
აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ირაკლი ყრუაშვილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებს - ზურაბ მახოხაშვილსა და ვაჟა ჯუღელს, ასევე შპს „ეკოთერმის"დირექტორს თორნიკე არველაძეს ბრალი წაეყენათ
საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლის; 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით.