განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო და აშშ-ს არასამთავრობო ორგანიზაციის World Learning ("მსოფლიო სწავლება") საქართველოს წარმომადგენლობა ურთიერთშეთანხმებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის თანახმად, მომზადდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გენერალური გეგმა და შემუშავდება თანამედროვე სკოლის სამშენებლო სტანდარტები, რაც გულისხმობს ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურის მორგებას სკოლის საჭიროებებთან. სტანდარტები ქალაქის თუ სოფლის ყველა რეაბილიტირებულ და ახლადაშენებულ სკოლაში დაინერგება, რითაც იდენტური გარემო იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს ყველა მოსწავლისთვის.
ამ მემორანდუმით გათვალისწინებული დახმარება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული FORECAST პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ეფექტურ და კოორდინირებულ თანამშრომლობას "მსოფლიო სწავლებასა" და სააგენტოს შორის სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
პროგრამაში ჩაერთვებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც სააგენტოს გაუწევენ ტექნიკურ მხარდაჭერას თანამედროვე სკოლის სტანდარტების შექმნასა და სასკოლო ინფრასატრუქტურის განვითარების დაგეგმვაში.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული FORECASTპროგრამა ხორციელდება აშშ-ს არასამთავრობო ორგანიზაციის "მსოფლიო სწავლების" მიერ.