დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადზე, ს/ს `კახეთის ენერგოდისტრიბუციის~ მიერ, თანხების დამატებით დარიცხვას აპროტესტებენ.
სოფლის მაცხოვრებლების თქმით, სოციალური გაჭირვებიდან გამომდინარე ელექტროენერგიას ეკონომიურად მოიხმარენ, თუმცა ყოველი თვის ბოლოს ენერგოკომპანია მათ დამატებით თანხებს არიცხავს. `ხშირ შემთხვევაში, დამატებით დარიცხული თანხები მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს აღემატება. თუ დამატებით დარიცხულ თანხას არ გადავიხდით, ენერგოკომპანია ელექტროენერგიას გვითიშავს და მანამ არ გვირთავენ, სანამ ე.წ. დავალიანებას ბოლომდე არ გადავიხდით. ფინანსთა სამინისტროს ცხელ ხაზზე დავრეკეთ და ვთხოვეთ, რომ გამოძალვას აქვს ადგილი და გამოძიება დაეწყოთ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. რაიონულ გამგეობასაც და დეპუტატსაც მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ~, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ს/ს `კახეთის ენერგოდისტრიბუციის~ დედოფლისწყაროს სერვის - ცენტრის ინფორმაციით, მომხმარებლებზე თანხების დამატებით დარიცხვა სემეკ-ის დადგენილების საფუძველზე ხორციელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, მომხმარებლებისთვის თანხების დარიცხვა კომუნალური მრიცხველების მიხედვით, თელავის რაიონის სოფელ რუისპირის და საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურის მოსახლეობამაც აქციით გააპროტესტა.