ნატო ქართული მხარის მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას აფასებს.
აღნიშნულის შესახებ ალიანსის ოფიციალური განცხადება გუშინ, ნატო-საქართველო კომისიის ფარგლებში გამოქვეყნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო-საქართველოს კომისია ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის მთავარ ინსტრუმენტად რჩება.
ნატო-ს ქვეყნების მინისტრები მიესალმებიან პროგრესს, რომელიც საქართველომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჩვენა. ამავდროულად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები კმაყოფილებას გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ საქართველო აისაფ-ის სერიოზული კონტრიბუტორია და ქვეყანა საერთო უსაფრთხოების რეჟიმის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს.
ოფიციალურ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ნატო მზადაა საქართველოსთან დიალოგი გააგრძელოს და ქვეყნის ალიანსში გასაწევრიანებლად კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგას.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში გუშინ გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მთავარი მომხსენებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იყო.
სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გარდა, საქართველოს მიერ ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხიც განიხილეს.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელმაც გახსნა სხდომა, ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ავღანეთის მისიაში მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო კვლავაც გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას.