იქ, სადღაც, ზღვარი უნდა იყოს ომსა და მშვიდობას შორის, ჩვენთან არა აქვს, არც - ჩვენში... "ვომობთ" მშვიდობის ჟამს და ჩვენს "მშვიდობას" მუდამ მოაქვს ომის "შედეგი". ჩვენ ვერ ვასხვავებთ ერთმანეთისგან ომსა და ბრძოლას. წავაგეთ ომი? ესე იგი, ეს ბრძოლა იყო, ომი გრძელდება გამარჯვებამდე! მოვიგეთ ბრძოლა? ესე იგი, ეს ომი იყო და სამუდამოდ ჩვენ გავიმარჯვეთ!
ჩვენ ვერ ვასხვავებთ ერთმანეთისგან ომსა და მშვიდობას, ომსა და ბრძოლას... და თვით მშვიდობას ვერ ვასხვავებთ სიმშვიდისგან, რადგან სიმშვიდე მშვიდობისგან კი აღარ მოდის, რადგან მშვიდობა ომის შემდეგ კი აღარ დგება, არამედ "კვდება"... სწორედ რომ "კვდება". რისთვის ან რატომ? პასუხად არ ღირს.
ვინ დაადგინა, ან დააწესა ომის წესები, ანდა საზღვარი? პასუხი არ აქვს და არც ექნება.
რადგან მშვიდობას ჩვენში ახლა ჩალის ფასი აქვს და ომმა არა, "ომობანამ" შეიძინა დღეს ოქროს ფასი.
* * *
გადაიღალა მთელი ქვეყანა.
ოცი წელია, ვით სიზმარ-ცხადში ისე "გვადუღეს" ომისა და მშვიდობის "კასრში"... სხვადასხვა "ტაშტში", "ქვაბში" და "ჯამში"...
ოცი წელია, მთელი ერი, ჭირით და ლხინით, ისე "აგვზილეს" დედაბრის ვარცლში, როგორც ზღაპარში, ფქვილი და ფეტვი...
ისე "გვადუღეს", ისე "დაგვზილეს", ისე "აგვდღიბეს", ძვალი და რბილი უკვე ერთი გვაქვს! სულ ცოტა დაგვრჩა და იქიდენ სულიც ამოვა, ან აღმოგვხდება...
ოცი წელია ომი გვაქვს და თან გვაქვს მშვიდობაც...
ოცი წელია გვკვლავენ, ვკვდებით და მაინც ვრჩებით - ომით გავლებულ საზღვრის მიღმა და საზღვრის შიგნით...
ოცი წელია, რაც ვაშენებთ დიდ სახელმწიფოს: საძირკველი ჭაობში გვიდგას, კედლები - სალი, შეუვალი, სხვებმა გვაჩუქეს, "ხუროთმოძღვარი" - ჩვენებური არ იქნება, რაღა თქმა უნდა... არც "მუშახელი", არც "მუზა" და არც "შემოქმედი"...
მაგრამ რას ვჩივით, "აგვიშენონ" თუ გვიშენებენ.
დაგვამადლიან? სამოწყალოდ მართლაც გვაქვს საქმე.
დაგვიმონებენ? ჩვენ "ცარიელ მშვიდობას" გავცვლით.
ოცი წელია, მშვიდობა გვაქვს და თან გვაქვს ომი,
ომი ომია და ჯარისკაცი კი უნდა მოკვდეს! აბა, სხვაგვარად რა ფასი აქვს ომს და მშვიდობას, თუ "უსახელო ჯარისკაცის" საფლავი არ გაქვს "სახელიანი ომის" სახელს ვინ მოგვანიჭებს?!
თუ ერთდროულად არ დავკარგეთ ქურთა და კეხვი... თუ ასი სოფლის დედას მაინც არ აცვია სამოსად ძაძა... თუ მამის ცხედრის კიდურები ხელში არ შერჩათ პატარა ობლებს, რა აზრი აქვს მაშინ ასეთ ომს, ანდა მშვიდობას?!
რა აზრია აქვს მაშინ ან ცრემლებს... ვინ დაგვიჯერებს, რომ ნუგეში მართლა გვჭირდება... ვინ დაგვიჯერებს, რომ "ვიღაცამ" ჩაგვიწკლიპურტა და ძია სემი ანდა ჯონი თუ არ ჩამოვა, თავი გვტკივდება...
ვინ დაგვიჯერებს?! ვინ დაგვიჯერებს, რომ "პამპერსები" ძლიერ გვჭირდება და თან "გვინდება"...
* * *
იქ, სადღაც ზღვარი უნდა იყოს, ომისა და მშვიდობის ზღვარი...
თუნდაც პატარა და ოდნავ მკრთალი.
ამ სოფლის იქეთ ის სოფელია, ცოცხალის იქეთ მუდამ "დგას" მკვდარი და დედამიწაც, რა თქმა უნდა, სულ არის მრგვალი... მაგრამ ეს ზღვარი, ომისა და მშვიდობის ზღვარი, სად დაგვეკარგა როგორც საზღვარი - ზღვისა და მიწის, მზის და ჰაერის?
ჩვენ არ გვაქვს ზღვარი, არ გვაქვს საზღვარი... თვით "სახელმწიფო ლოგიკაც" კი ზღვარს მიღმა დაგვრჩა(!)
თუ არ გვყავს მტერი, მაშ მოყვარე რით "შევიძინოთ"?
თუ გვყავს მოყვარე, მაშინ მტერმა რა დაგვიშავა?.. დე, ისიც გვყავდეს...
დიდ სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, სურს იყოს დიდი, იმაზე დიდი ვიდრე დღესაა... მდიდარსაც უნდა, რომ ხვალისთვის უფრო გამდიდრდეს... მაგრამ ღატაკი რატომ ილტვის სიღატაკისკენ, ანდა "პატარა" რატომ ცდილობს დაპარატავდეს, ან სულ არ იყოს, ვერ გავიგია...
ალბათ, ამიტომ დღეს ჩვენს ყოფნას ჰქვია "არყოფნა"... ალბათ, ამიტომ აგვერია სიზმარი ცხადში, ალბათ, ამიტომ გვიხარია მუდამ წაგება, ალბათ, ამიტომ "წაგვიშალეს" ომისა და მშვიდობის ზღვარი.
* * *
ჩვენ ვერ ვასხვავებთ ერთურთისაგან ომსა და ბრძოლას...
ბრძოლაც ისევე წაგვიგია, როგორც დღეს ომი.
ომი, ომია და "სჯობია" ბევრად მშვიდობას!..
რადგან მშვიდობას არ სჭირდება "მაშველის ხატი", არ სჭირდება სწავლება ჭკუის და თითის ქნევა, არ სჭირდება მათხოვრის ხელი, გაწვდილი ხელი და მოწყალების მოლოდინი იმ გაწვდილ ხელში...
რადგან მშვიდობა, თუნდაც იგი "სავსე" არ იყოს, მაინც "სავსეა" სიმშვიდის განცდით...
ვინც მშვიდადაა, მას გონება უკეთაც უჭრის და უმალ თუ არ, - ხვალ-ზეგ მაინც მიხვდება, რომ სიცოცხლე მხოლოდ მაშინ ღირს, როცა თავად ხარ საკუთარი თავის უფალი.
თუ ამას მიხვდა, ის საშველსაც თავად იპოვნის და იმ მარჯვენას, "ბორკილები" რომ ადევს მარცხის და იმ მარცხენას, სამოწყალოდ რომ გაუწვდია, შრომაში დაღლის...
შრომაში დაღლილ მარჯვენას კი ის შეუძლია, რომ ერთდროულად დააპუროს სულიც, სხეულიც და გონებაც "დროულად" კვებოს.
აი, ამიტომ ამჯობინეს მშვიდობას ომი.
აი, ამიტომ ფასობს ჩალად ჩვენში მშვიდობა...
* * *
ჩვენ დავიღალეთ და ქვეყანაც გადაგვეღალა...
ოცი წელია, ომი გვაქვს და თან გვაქვს მშვიდობა...
ოცი წელია, ვკარგავთ და ვკარგავთ...
მოძმეთა სისხლს ოცი წელია კვლავ სისხლით "ვიბანთ", კვლავ ძმათა სისხლით...
ოცი წელია, რაც "ზუსტად" ვიცით, რომ ჩვენ გვყავს მტერი.
ოცი წელია, "ზეპირად" ვიცით, რომ გვყავს მოკეთეც.
და "მტერ-მოკეთემ" რაც დაგვმართა, ვითვლით და ვითვლით: გაგრა, ბიჭვინთა, სოხუმი, კეხვი... თამარშენი, ტამიში, ძარცემი... ერედვი, სვირი, ხეითა და ქურთა...
და ამ ყველაფერს "დათვლა" ხომ უნდა?!
ჰოდა, ჩვენც ვითვლით: ასზე მეტია, ორასზე მეტიც, და სამასსაც ვუახლოვდებით...
და ამ ყველაფერს, თუნდაც დათვლას, ისევ დრო უნდა და ისიც გადის, სწრაფად და ზლაზვნით... და ჩვენ კვლავ ვითვლით, თარიღებს ვითვლით...
და მხოლოდ ვითვლით?! არამც და არამც, ჩვენ თან გვაქვს განცდაც, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული "სამშობლოს" ფიქრის...
ჩვენ გვატყუებენ და ჩვენც ვტყუვდებით...
ჩვენ "გვაპურებენ" და ჩვენც ვპურდებით...
ჩვენ გვაჯერებენ და ჩვენც "გვჯერა", რომ ღმერთმა ქართველს სიცოცხლე მისცა, მხოლოდ იმისთვის, რომ ომში მოკვდეს... მხოლოდ იმ ომში, მშვიდობას რომ ბევრად სჯობია!
ჩვენ გვაჯერებენ და ჩვენც "გვჯერა", რომ ღმერთმა ქართველს ხელი მისცა მხოლოდ იმისთვის, რომ სამოწყალოდ გაიშვიროს და დავლური ჩამოუაროს მადლობის ნიშნად, თუკი იმ ხელში გროში ჩაუგდეს...
ჩვენ გვაჯერებენ და ჩვენც "გვჯერა", რომ ტაშით სამყაროს შევაზანზარებით...
და რაც დავკარგეთ, ხვალ უკლებლივ დაგვიბრუნებენ, თუკი ვიტირებთ...
ჩვენ გვატყუებენ და ჩვენც ვტყუვდებით და ცრუ ომების ისტერიას მდაბლად თავს ვუკრავთ...
• * *
იქ, სადღაც ზღვარი უნდა იყოს ომსა და მშვიდობას შორის... თუნდაც პატარა და ოდნავ მკრთალი... ის, პატარა და ოდნავ მკრთალი, ზღვარს მიღმა რომ მოსჩანს, ჩემი სამშობლოა...
ზღვარდაუდებლად უსასრულო და საოცრად პატარა საზღვრებს შიგნით...
"ჯი-ეიჩ-ენ", ელგა ფოლადიშვილი