"თავისუფალი დემოკრატები" საქართველოს-თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების გამჭვირვალობას ითხოვენ.
როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებებს თურქეთის ხელისუფლებასთან თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით.
როგორც "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ირაკლლი ქადაგიშვილმა დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა, აუცილებელია ყურადღების გაახვილება ორ საკითხზე.
"თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლები ჩვენი ისტორიისა და კულტურის ნაწილია და მათი დაცვა-შენარჩუნება აუცილებელია. გამომდინარე ამ ძეგლების მნიშვნელობიდან, ჩვენს საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი მიმდინარე მოლაპარაკებებისა და მათი შედეგისადმი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების ან სხვა მსგავს საკითხებს არ ეხება, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სრულიად გაუმჭვირვალედ. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც საზოგადოებას ამ დრომდე არ მიუღია პასუხები, რაც იწვევს სამართლიან ვნებათაღელვას", _ განაცხადა ქადაგიშვილმა და აღნიშნა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" მოითხოვნ, საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ განუცხადოს საზოგადოებას, რა ეტაპზეა მოლაპარაკებების პროცესი და არიან თუ არა მასში ჩართულნი შესაბამისი პროფესიული ჯგუფები და საპატრიარქოს წარმომადგენლები, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუციური შეთანხმება.
მისივე თქმით, ასევე მოვითხოვენ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საჯარო გახადოს უკვე არსებული შეთანხმების პროექტი, რათა საზოგადოებამ შეძლოს, თავისი აზრი გამოთქვას შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით მის ხელმოწერამდე.
"რაც შეეხება ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებას, თავისუფალი დემოკრატების აზრით, ამ საკითხზე ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის უკმაყოფილებასა და შესაძლო დაპირისპირებას გამოიწვევს. აღნიშნული საკითხი უნდა მოგვარდეს სამოქალაქო თანხმობის გზით, რასაც წინ უნდა უძღოდეს რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით ადგილობრივი საჭიროების შეფასება და აჭარაში მცხოვრებ სხვადასხვა აღმსარებლობის პირთა შორის დიალოგი და თანხმობა", _ განაცხადა ქადაგიშვილმა.