ტვერის შს საქმეთა საოლქო განყოფილების თანამშრომლებმა მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს. ყიფიანი კრიმინალურ წრეებში "ვატოს" ზედმეტსახელადაა ცნობილი. მას ბრალად ედება გამომძალველობა და საქართველოში აღძრულ ხმაურიან სისხლის სამართლის საქმეზე საერთაშორისო ძებნაში იმყოფება.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ პოლიციას მიმართა მამაკაცმა და განაცხადა, რომ მისი მეგობარი ვახტანგ ყიფიანმა გაიტაცა. 18 მარტს ვატომ თანამონაწილეებთან ერთად, გაიტაცა მსხვერპლი და იგი ტვერის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "მარიოტ გრანდ ოტელის" ერთ ერთ ნომერში ჩაკეტა. იქ გატაცებულს დანით დაემუქრნენ და მას რაღაც ვალის გადახდა მოსთხოვეს, რომელიც 750 ათას რუბლს შეადგენდა. სწორედ ეს 35 წლის გატაცებული რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქე იყო გაათავისუფლეს სამართალდამცავებმა, ხოლო ვახტანგ ყიფიანი კი დააკავეს. სასტუმროს ნომერში დიდი სუვენირული დანა აღმოჩინეს. ვახტანგ ყიფიანის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე - თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გამომძალველობის მუხლით.
ოპერატიული მონაცემებით, 32 წლის ვახტანგ ყიფიანი საქართველოში საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ მაფიოზურ კლანს, შემდეგ კი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად.
2009 წელს რამდენიმე "კრიმინალურმა გენერალმა" მიიღო გადაწყვეტილება ვატოსათვის ქურდული"წოდება" ჩამოერთვათ, თუმცა მან მათი ამ გადაწყვეტილების მიღებაზე უარი განაცხადა.
გასულ წელს ყიფიანზე ძებნა საქართველოს შს სამინისტრომ გამოაცხადა. მაშინ თბილისში დააკავეს "ავტორიტეტები" დავით გაგნიძე და კახა მისირელი, ასევე გიორგი დემეტრაძე - კიევის დინამოს, ესპანური "რეალ-სოსიედადის", "ალანიის" (ჩრდილო ოსეთი) ყოფილი ფეხბურთელი, რომლის შემადგენლობაშიც იგი 1999 წელს რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი იყო.
მათ 140 ათასი აშშ დოლარის გამომძალველობაში დაედოთ ბრალი ბიზნესმენისათვის, რომელმაც ეს თანხა დავის დროს წააგო. ქართული პოლიციის მონაცემებით, ყოფიანი უკრაინიდან ხელმძღვანელობდა ყოფილი ფეხბურთელისა და მისი თანამონაწილეების მოქმედებებს და ასევე ფულის ნაწილის "ობშიაკში" გადაცემას მოითხოვდა. მას შემდეგ კი რაც მასზე ძებნა გამოცხადდა, ისი უკრაინიდან რუსეთში გადავიდა.
აღსანიშმნავია, რომ ტვერის შს საქმეთა საოლქო განყოფილების თანამშრომლების ინფორმაციით, მამაკაცი რომელმაც მათ მიმართა არის ერთ დროს გავლენიანი ავტორიტეტის ოთარ კვანტრიშვილის ვაჟი, რომელიც 1994 წელს სნაიპერმა მოკლა.