სამართალდამცველებმა პოლიციის ოფიცრის მკვლელობის საქმე გახსნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის დიმიტრი კორძაძის მკვლელობის ორგანიზატორები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ-ს) თანამაშრომლები და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი სლავიკ მარდანია არიან, აფეთქება კი, რასაც კორძაძე ემსახვერპლა, ოთარ როგავამ და თემურ ბუთბაიამ განახორციელეს.
"გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ 2009 წლის იანვარში დანაშაულებრივი სამყაროს წევრებს ოთარ როგავასა და თემურ ბუთბაიას, რომლებიც წინა წლებში მოპარული ავტომანქანების აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალიზაციით იყვნენ დაკავებული, დაუკავშირდნენ ცნობილი აფხაზი კრიმინალი ვალმერ ბუთბა და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პარლამენტის დეპუტატი სლავიკ ვარდანია. აღნიშნულმა პიროვნებებმა ოთარ როგავასა და თემურ ბუთბაიას ორი რუსი მამაკაცი გააცნეს, რომლებიც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ-ს) თანამაშრომლები არიან. მათი შეხვედრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე შედგა. რუსებმა ოთარ როგავასა და თეიმურაზ ბუთბაიას დიმიტრი კორძაძის ფოტოსურათი გადასცეს და მისი საცხოვრებელი ადგილისა და გადაადგილების მარშრუტის დადგენა სთხოვეს, ხოლო აღნიშნული დავალების შესასრულებლად, ავანსის სახით, 5 000 აშშ დოლარი მისცეს. ამის შემდეგ, ოთარ როგავა ქ. ბათუმში თავის ნაცნობს დავით როყვას დაუკავშირდა და კორძაძის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში დახმარება სთხოვა. ოთარ როგავამ და თემურ ბუთბაიამ ბათუმში ასევე გაიცნეს დავით როყვას ნათესავი გიორგი გაბუნია და მეგობარი ლევან ქარცხავა, რომელთა საშუალებითაც კორძაძის სახცოვრებელი ადგილი და გადაადგილების მარშრუტი დაადგინეს. 2010 წლის მარტში ოთარ როგავა და თეიმურაზ ბუთბაია კვლავ შეხვდნენ ზემოხსენებულ ორ რუს პიროვნებას ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მათ დამატებით 5000 აშშ დოლარი და ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიღეს. აღნიშნული მოწყობილობა კრიმინალებს დიმიტრი კორძაძის ავტომანქანაში უნდა დაემონტაჟებინათ. 2010 წლის 4 მაისს როგავამ და ბუთბაიამ ასაფეთქებელი მოწყობილობა ქ. ბათუმში გადაიტანეს, სადაც ბუთბაიამ ის კორძაძის ავტომანქანის ქვეშ დაამონტაჟა. დიმიტრი კორძაძის ლიკვიდაციის შემდეგ დამკვეთები თეიმურაზ ბუთბაიას ისევ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალში, შეხვდნენ და 42 000 აშშ დოლარი გადასცეს", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
პოლიცის მიერ ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულნი არიან დანაშაულის ჩადენასა და ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი თემურ ბუთბაია, დავით როყვა, ლევან ქარცხავა და ოთარ როგავა, რომელმაც შსს-ის ინფორმაციით, დაკავებიდან რამდენიმე დღეში ციხის საპყრობილეში თავი მოიკლა. იძებნება დანაშაულის თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილი გიორგი გაბუნია.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 2011 წლის 5 აპრილს დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქმე 2010 წლის 5 მაისს, ბათუმში, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთზე, დიმიტრი კორძაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის "ტოიოტა ჰაილუქსის" აფეთქებას შეეხება, რის შედეგადაც დაიღუპა დიმიტრი კორძაძე, ხოლო მის გვერდით მჯდომმა ბადრი ლაპარაძემ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.