საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მალაიზიელ კოლეგას ოფიციალურ წერილს უგზავნის. ოფიციალური თბილისი ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს. კუალა-ლუმპურში დღესვე იგზავნება ელდარ დავითიანის ჩვენების სრული ვერსია და ქართული სასამართლოს განაჩენი. ამ ფაქტს წინ უძღვოდა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ქართველი და მალაიზიელი პროკურორების შეხვედრა. მიუხადავად იმისა, რომ საქართველოსა და მალაიზიას შორის არც დიპლომატიური კავშირი და არც სხვა ვალდებულებები არ არსებობს, მთავარი პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით, მან მიიღო გარანტიები, რომ მალაიზიური მხარე ყველა გარემოებას გაითვალისწინებს.
"მალაიზიაში არიან დაკავებულები დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე და მათ ბრალად ედებათ ნარკოტრეფიკინგში მონაწილეობა. თუმცა, საქართველოში ჩატარდა გამოძიება და საზოგადოებამ იცის, რომ გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამ ქალბატონებმა არ იცოდნენ ნარკოტიკების გადატანის შესახებ. სწორედ ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ წერილით მიმართოს თავის მალაიზიელ კოლეგას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში გასული წლის შემოდგომაზე, ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით ისჯება.
თავად დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ისინი გახდნენ მსხვერპლი ელდარ დავითიანისა, რომელიც გორდაძის მეუღლეა.
აღნიშნულ საქმეში თავად ქართულმა მართლმსაჯულებამ დამნაშავედ სწორედ დავითიანი ცნო და მას თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო აქამდე სწორედ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდა, რომელმაც დანაშაულში დაკავებულთა ბრაულობა უნდა განსაზღვროს.