სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სხვადახხვა დანაშაულში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე ნაჯაფი ალიევია, რომელიც საკუთარი საქონლის გადმოსარეკათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონოდ იყო გადასული.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის (პასპორტი) გამოყენებით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ლეილა ყუბარაძეც აიყვანეს, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
რაც შეეხება მესამე დანაშაულს, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენა, შენახვა-გასაღების ფაქტზე მარინა გაგიევი და თეა ძნელაძე დააკავეს. აღნიშნული პიროვნებები მარინა გაგიევის კუთვნილ აფთიაქში გასაღების მიზნით ინახავდნენ პრეპარატ „სტაბლონი"-ს 435 აბს, რომელიც შეიცავს 5.4375 გრამ ფსიქოტროპულ ნივთიერება თიანეფტინს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. გამოძიებას აწარმოებს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთ.სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო.