"საქართველოს ეროვნული ზარაფხანიდან" 1997 წელს ოქროს ზოდების ქურდობის ფაქტი გახსნილია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად გახსნილია 1997 წელს სახაზინო საწარმო ,,საქართველოს ეროვნული ზარაფხანიდან" განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 132 კგ. ოქროს ზოდების ქურდობის ფაქტი.
წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ 1997 წლის აგვისტოში კონსტანტინე აბაიშვილი, რომელიც მუშაობდა ,,საქართველოს ეროვნულ ზარაფხანა"-ში საწარმო სადისპეჩერო სამსახურის უფროსად, დაუკავშირდა აწ გარდაცვლილ ჯემალ მიხაილოვს (იგივე დიმიტრი სოკოლოვს), სხვა დანაშაულისთვის ამჟამად პატიმრობაში მყოფ ნუგზარ თეთრუაშვილს, ივანე ბადურაშვილს (იგივე ივანე აბუაშვილს), რომელიც 2001 წლიდან იძებნება სხვადასხვა დანაშაულისათვის და ასევე ამჟამად პატიმრობაში მყოფ მანანა წიქარიძეს.
აღნიშნულმა პირებმა დაგეგმეს ,,საქართველოს ეროვნული ზარაფხანიდან" ოქროს გატაცება. დანაშაულის სისრულეში მოსაყვანად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ნუგზარ თეთრუაშვილმა და ივანე ბადურაშვილმა, კონსტანტინე აბაიშვილის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და მისი ხელშეწყობით, 1997 წლის 13 აგვისტოს, ღამით შეაღწიეს სახაზინო საწარმო ,,საქართველოს ეროვნული ზარაფხანის" ეზოში, სადაც ჰიდრავლიკური ამწის გამოყენებით შეანგრიეს ძვირფასი ლითონების საწყობი ოთახის კედელი.
აღნიშნულ საწყობში, სეიფებში ინახებოდა 132 კგ. ოქროს ზოდები. ფიზიკური ძალის ზემოქმედებით გატეხეს სეიფები და გაიტაცეს აღნიშნული ოქროს ზოდები. მოპარული ოქრო ჯემალ მიხაილოვთან ერთად, რომელიც ქურდობის დროს იმყოფებოდა ზარაფხანის ეზოში, მასთან თანამცხოვრები მანანა შალვაშვილის მანქანით მიიტანეს ერთ-ერთი ბრალდებულის აგარაკზე, სადაც მოხდა ოთხ თანაბარ წილად გაყოფა და ჯგუფის წევრებს - კონსტანტინე აბაიშვილს, ჯემალ მიხაილოვს, ნუგზარ თეთრუაშვილს და ივანე ბადურაშვილს წილად ხვდა 33 კილოგრამი ოქროს ზოდი. შემდგომ სხვადასხვა გზით მოახდინეს ოქროს რეალიზაცია როგორც საქართველოში, ასევე, თურქეთსა და რუსეთში. ასევე, ყოველივე აღნიშნული ცნობილი იყო მანანა შალვაშვილისთვის.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ იქნა კონსტანტინე აბაიშვილი, რომელსაც წარედგინება ბრალი სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, 236 მუხლის პირველი და მეორე ნაწილით და 177-ე მუხლებით. ბრალდებულებს - ნუგზარ თეთრუაშვილს, ივანე ბადურაშვილს და მანანა წიქარაძეს დამატებით წარედგინებათ ბრალი საქართველოს სსკ-ის 177 მუხლით.