საერთაშორისო საკითხებში ექსპერტ კახა გოგოლაშვილის აზრით, იმ შემთხვევაში თუ ლიბიაში სამოქალაქო ომი გაგრძელდება, გაეროს უშიშროების საბჭო ქვეყანაში სახმელეთო ინტერვენციის გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
"ლიბიაში მიმდინარე პროცესები სერიოზულად აზარალებდა სამოქალაქო მოსახლეობას, თან აშკარად ჩანდა, რომ დაპირისპირება მოლაპარაკებით ან სხვა გზებით არ დასრულდებოდა, რის გამოც ლიბიაში კოალიციური ძალების მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყება გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს. წინაღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შესაძლოა კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი მოჰყოლოდა, რაშიც საბოლოო ჯამში, ისევ საერთაშორისო თანამეგობრობა იქნებოდა დამნაშავე", - განუცხადა გოგოლაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, ექსპერტი ეჭვობს, რომ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი საკუთარი მოსახლეობისა და მსოფლიოს წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდება, რადგან ერთადერთი უპირატესობა, რასაც ის აჯანყებულების წინააღმდეგ ფლობდა, აღარ გააჩნია.
"საქმე იმაშია, რომ კადაფის უპირატესობა იყო ჰაერი და მას ეს უპირატესობა უკვე აღარ აქვს. აქედან გამომდინარე, მას გაუჭირდება აჯანყებულებთან გამკლავება. ასეთი საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე, წესით, ის უნდა დამარცხეს და ამას გააკეთებს თვითონ ლიბიელი ხალხი - მის მომხრეებს შორის დაიწყება დაპირისპირება... თუ ლიბიაში მიმდინარე პროცესებს სამოქალაქო ომი მოჰყვება, რომელსაც დასასრული არ ექნება, მაშინ გაეროს უშიშროების საბჭო ახალ რეზოლუციას მიიღებს და იქ სახმელეთო ინტერვენციას დაუშვებს", - განმარტა ექსპერტმა.