ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი ხელმძღვანელი ედიშერ კვესიტაძე იმპორტირებულ საკვებ პროდუქტზე ლაბორატორიული კონტროლის დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ კვესიტაძემ პარლამენტში, "ქრისტიან-დემოკრატებთან" სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტების შეხვედრაზე განაცხადა.
"საქართველოში სოფლის მეურნეობის, კვებითი მრეწველობის განვითარების დიდი პოტენციალია, მაგრამ ეს დარგი დღეს პრაქტიკულად ნულზეა დასული. ცივილიზებული სამყაროდან მომდინარე უარყოფით მოვლენებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დიდი დოზებით შემოდის, კონტროლი სჭირდება", - აღნიშნა კვესიტაძემ.
მისი თქმით, პირველი რიგში, აუცილებელია სოფლის მეურნეობაში და კვების მრეწველობაში ინვესტიციები ტექნოლოგიურ პროცესებში განხორციელდეს, რაც საქართველოს შიდა პოტენციალის გამოყენებით ათეული წლით წინ წასწევს.
"უნდა დავფიქრდეთ, რა მასალა შემოგვაქვს და რას ვთესავთ. მართალია, გენმოდიფიცირებულს აქვს პოზიტიური მხარეებიც, მაგრამ უარყოფით უფრო მეტია, რომელიც თრგუნავს და აქრობს ადგილობრივი ჯიშებს", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ დღეისთვის მსოფლიოში ხორბლიs 90% გენმოდიფიცირებულია და საქართველოს უნდა თუ არა, მას გვერდს ვერ აუვლის.
"თუმცა აუცილებელია შეიქმნას ლაბაორიტორია, კვლევითი ჯგუფები, რომელიც გააკონტროლებს, რა სახის საქონელი შემოდის ქვეყანაში, რომ ის არ იწვევდეს ადამიანში გენომოდიფიცირებას, ინტოქსიკაციას და სხვა გვერდით მოვლენებს", - აღნიშნა კვესიტაძემ.