საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აბიტურიენტებისთვის შეიარაღებული ძალების ღია კარის დღე გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის სპეციალური გამოფენები მოეწყო. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, დეტალურად გასცნობოდნენ სამხედროების ცხოვრებისა და მუშაობის პირობებს. მათთვის ოფიცრებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის პრეზენტაციაც გამართეს, გააცნეს აკადემიაში ჩაბარებისა და სწავლის პირობები.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებელი ადგილით, კვებით, უნიფორმით, სამედიცინო მომსახურებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. თავდაცვის აკადემიაში ჩაბარების შემდეგ მსმენელი აფორმებს ხელშეკრულებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და იღებს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს. აკადემიის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 2011 წლის 25 მარტს იწურება.