ხელისუფლების წარმომადგენლები სახალხო დიალოგის ფარგ;ლებში რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. ახალი პროექტის მიზანი ხალხში არსებული უარყოფითი მუხტის განეიტრალება და დემოკრატიული ფონის შექმნაა. საპროტესტო აქციებიის შემდეგ, ხელისუფლებას მოსახლეობის მხარდაჭერა და უცხოელი პარტნიორების კეთილგანწყობის აღდგენა დასჭირდა. მიხეილ სააკაშვილი დროის გაყვანის პოლიტიკას ჩაეჭიდა. ის მოსახლეობის პრეტენზიების მოსმენას და ოპოზიციასთან თანამშრომლობას იწყებს,
საპრეზიდენტო ინიციატივები _ გზები, სტადიონები, სკვერები, შადრევნები და ქუჩების რეკონსტრუქცია, ხელისუფლების ყველაზე საინტერესო პროექტები იყო. მაგრამ, მხარდამჭერების შენარჩუნება ამ აქტივობებით მან ვერ მოახერხა. 2003 წლის არჩევნების შემდეგ, `ნაციონალებმა~ მომხრეები დაკარგეს, რადგან ინფრასტრუქტურის პრობლემის მოგვარება ის მთავარი საკითხი არ აღმოჩნდა, რომლის გამოც ხალხმა ედუარდ შევარდნაძეზე და მის გუნდზე უარი თქვა და მხარი `ვარდების რევოლუციის~ პროექტს დაუჭირა. სააკაშვილი რიგითი ამომრჩევლისთვის სულ სხვა საარჩევნო სიტყვიერი დაპირებების გამო გახდა მისაღები _ ხალხს სოციალური გარანტიების და ნორმალური მომავლის იმედი ჰქონდათ. არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და ეგრეთ წოდებულმა `ცნობილმა სახეებმა~ კი სულ სხვა რამ გათვალეს _ მხარდაჭერის სანაცვლოდ ელიტის სტატუსი და პრივილეგიების შენარჩუნება. სააკაშვილმა მოლოდინი არავის გაუმართლა. საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ ძალოვან უწყებებს და საერთაშორისი მხარდაჭერას დაეყრდნო.
თუმცა, საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს, ხელისუფლებას საერთაშორისი მხარდაჭერის კუთხით დისკომფორტი შეექმნა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ განაცხდა, რომ ამერიკის ხელისუფლება მხარს საქართველოს უჭერს და არა რომელიმე პიროვნებას. ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მთავარი მესიჯი კი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება იყო.
მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიული ფონის შექმნა დასჭირდა. ხალხთან დიალოგის პროექტის პარალელურად მან დიალოგი ოპოზიციასთანაც დაიწყო, პრეზიდენტის ინიციატივიდან ოპოზიციის ნაწილი საკუთარი ინტერესების სასარგებლო შედეგს ელის. ნაწილი შეთავაზებას არ დასთანხმდა. მაგალითად ნინო ბურჯანაძე. გამოცდილებაზე დაყრდნობით ის აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობა შეუძლებელია. თუმცა, ბურჯანაძეს სააკაშვილთან ოპოზიციონერის სტატუსით თანამშრომლობის გამოცდილება არა აქვს. შესაბამისად ამ შანსის გამოყენება მისთვისაც საინტერესო უნდა გამხდარიყო. მითუმეტეს დღეს, როცა სააკაშვილი ქვეყანას თავისი პრეზიდენტობის ბოლო ვადით მართავს და სახელმწიფო ინსტიტუტებში, რომლებსაც ძალოვანი სამინისტროების შემდეგ ეყრდნობა, მის მხარდამჭერთა რაოდენობა თანდათან კლებულობს. აღმასრულებელ ხელისუფლებაში შედარებით დაბალ რგოლებს _ მოადგილეებს, სამმართველოებს, განყოფილებებს, ასევე, ადმინისტრაციებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრები წარმოადგენენ და უწყებებს თითქმის აკონტროლებენ კიდეც.
კადრების პოლიტიკური ნიშნით ჩანაცვლებები, ხშირ შემთხვევაში, უწყებათა ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ხდება. ზოგჯერ კი ასეთ ცვლილელებზე `პირველები~, უბრალოდ, თვალს ხუჭავენ _ პოსტსააკაშვილისეული მმართველობისთვის ისინიც უკვე ემზადებიან, 2013 წელს, ხელისუფლებაში სააკაშვილის შემდეგ მოსულ ძალასთან ურთიერთობის დაძაბვა, არც მათ სჭირდებათ. მითუმეტეს, რომ მართვის უნარით და პროფესიონალიზმით ისინი სულაც არ გამოირჩევიან, რადგან პრეზიდენტის მხრიდან მათი შერჩევის პრინციპი ქაოსური იყო და არასდროს, არანაირ პრინციპს არ დაქვემდებარებია. სააკაშვილის ხელშეწყობით მიღებული პრივილეგიების ხელიდან გაშვება, მათ არც მომავალში უნდათ.
ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა, მისი ხელისუფლების ჩინოვნიკებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ახალი ამოცანის შესრულება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით უკვე დაიწყეს. ამ ამოცანის შედეგი, გახდება ტესტი მომავალი ხელისუფლების წევრებისთვის. თუმცა, მათ უკვე მოუწევთ იმაზე დაფიქრება, რომ პოლიტიკურ თამაშში საკუთარი ინტერესები და ამოცანები საზოგადოებასაც აქვს. საზოგადოების ინტერესების იგნორირება კი ყოველთვის შეუქმნის დისკომფორტს პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც სურვილი ექნება პროფესიონალიზმზე ორიენტირებული და თანამედროვე ხელისუფლება ერქვს.
სოფო აბრამიშვილი