საქართველოს ხელისუფლება ნინო ბურჯანაძეს იმ ქონებას ედავება, რომელიც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თანამდებობაზე ყოფნის დროს გადაიფორმა. უფრო ადრე ბურჯნაძის ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურ მხარედ ოჯახის წვერები _ ანზორ ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე _ მიიჩნეოდნენ. მამისა და მეუღლის ფონზე პარლამენტის თავმჯდომარის არაკორუმპირებულობა საზოგადოებაში განსაკუთრებულ ფასეულობად აღიქმებოდა და ბურჯანაძეს ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა. თუცა ამ კუთხით პრეტენზიები ნინო ბურჯანაძის მისამართით ოპოზიციაში მისი გადასვლის შემდეგ მაინც გაჩნდა.
მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას ზურაბ ნოღაიდელის საეჭვო შემოსავლებზედაც ამახვილებს. პრეზიდენტის ეს აღიარებაც, ყოფილი პრემიერის ოპოზიციური მიმართულებით გააქტიურებას მოჰყვა.
საქართველოს პრეზიდენტი იმ რევოლუციონერებისა და ჩინოვნიკების მხილების ხასიათზე ჯერ არ დამდგარა, რომლებიც ძველ პოზიციას ინარჩუნებენ და ისევ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. პირველი პირი, ანუ პრეზიდენტი, ქვეყანის მეორე და მესამე პირებს _ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და ყოფილ პრემიერს _ კორუფციაში ამხელს, მაგრამ პასუხისმგებლობას არ იზიარებს. ხელისუფლებაში მოსვლის წინ დადებულ პირობაზე _ გუნდურ პასუხისმგებლობაზე _ დღეს ის არ ლაპარაკობს. ამაზე არ საუბრობს არც საზოგადოება, რომელიც საგაზაფხულო საპროტესტო აქციებზე სააკაშვილის გადადგომის და ახალ არჩევნებს მოითხოვდა. არჩევნებში წარმატების შანსი კი ბურჯნაძეს, ნოღაიდელსა და კიდევ რამდენიმე ძველ რევოულუციონერს ჰქონდა.
საგაზაფხულო საპროტესტო აქციები ზაფხულში ისე დასრულდა, რომ მთავარი მოთხოვნა _ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობიდან წასვლა _ ვერ მოხერხდა. ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნა, ხალხის სოციალური პრობლემები ვერ მოგვარდა. თუმცა იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის პირობა, რამაც საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანა, არავის დაუდია.
ოპოზიციის წარმომადგენლები და საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები საგაზაფხულო შრომას სხვადასხვა მოსაზრების გამო, უქმად მაინც არ მიიჩნევენ. გამოსვლების ერთ-ერთ შედეგად მიიჩნევა მხოლოდ ის, რომ ცვლილებები მოჰყვა პოლიტიკოსების რეიტინგებს. ნინო ბურჯანაძემ და ირაკლი ალასანიამ პოზიციები გაიმყარეს. საზოგადოება მზად იყო, მხარი ან ერთი, ან მეორე ფიგურისთვის დაეჭირა. თუკი 2013 წლამდე, პოლიტიკურ არენაზე სხვა გაერთიანება ან სხვა სახე არ გამოჩნდება, ხალხი თანახმა იქნება, პრეზიდენტის პოსტზე ან ბურჯანაძე, ან ალასანია, ყველაფრის მიუხედავად, აირჩიოს.
2013 წლამდე კი 4 წელი დარჩა. ეს დრო საკმარისია, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას პრობლემები მოუგვაროს და საპროტესო განწყობა გაანეიტრალოს. ამ მიზნის მისაღწევად პრეზიდენტმა ახალი პროექტის, "სახალხო დიალოგის~ განხორცილება დაიწყო კიდეც. საზოგადოებას შანსი გაუჩნდა, სააკაშვილს საარჩევნო დაპირებების გაკეთება აიძულოს, თუმცა პრეზიდენტის პროექტის წარმატება მისი გუნდის წევრების უნარზედაც იქნება დამოკიდებული.
4 წელი საკმარისია საიმისოდაც, რომ ძველი პოლიტიკური ფიგურების პოლიტიკური ბიოგრაფიებიც გადაფასდეს და მათი რეიტინგული მაჩვენებელი შეიცვალოს. მით უმეტეს, რომ სერიოზული ცვლილებების მისაღწევად მათ ბერკეტი არ გააჩნიათ. არც პასუხისმგებლობის ასაღებად არიან მზად.
2013 წლამდე საკმარისი დრო დარჩა, რომ ასპარეზზე ახალი სახეების გამოსაჩენად ნიადაგი ლოგიკურად მომზადდეს და ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არანაირ პოლიტიკურ თამაშში არ ჩართულან.
ძველი ფიგურების ახლით ჩანაცვლება ჯერ არ დაწყებულა. არენაზე ჯერჯერობით ძველი სახეები აქტიურობენ _ ზოგი ხელისუფლებაში, ზოგი ოპოზიციაში. დღევანდელი რეალობა მათ ერთად შექმნეს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათი ძირითადი საქმიანობა მხოლოდ PR-აქტივობებითა და დაპირებებით შემოიფარგლებოდა. მმართველობის ასეთმა სქემამ მოსახლეობის უკმაყოფილების თავიდან აცილება ვერ შეძლო. ხალხმა ასეთი მართვის შედეგს _ სახელმწიფოში შექმნილ ქაოსს, უსამართლობას და ამით გამოწვეულ მძიმე სოციალურ ფონს _ საპროტესტო აქციებით უპასუხა. დაძაბულობა არ განეიტრალებულა. მხარეები თავიანთი ინტერესების დასაცავად ბრძოლას შემოდგომაზე გააგრძელებენ.
სოფო აბრამიშვილი