"ეროვნული საბჭო" საქართველოს ხელისუფლებას ებრაელი ბიზნესმენების რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
"მათ დაკავებას მოჰყვა ისრაელსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვა. ისრაელის ქნესეთის სპიკერის რეუვინ რივლინის კანცელარიამ ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს სპიკერის დავით ბაქრაძის ისრაელში დაგეგმილი ვიზიტის გადავადების მიზეზი - ებრაელი ბიზნესმენის "ფუქსის საქმე"", - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
ამასთან, "ეროვნული საბჭოს" ლიდერების ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის აზრით, ისრაელ- საქართველოს ურთიერთობების გაფუჭება ირიბად აისახება ქართულ-ამერიკულ და ევროპის წამყვან ქვეყნებთან ურთიერთობებზე, რაც შეიძლება საქართველოსთვის დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.
"უკვე დაზარალდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ისრაელში ვიზის აღებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ და მოქალაქეები, რომელთაც მათთვის უცნობი მიზეზის გამო ასახლებენ ისრაელიდან. "ეროვნული საბჭოს" ლიდერები თავდებში უდგებიან ებრაელ ბიზნესმენებს და შესაბამისი დოკუმენტით უახლოეს ხანში მიმართავენ შესაბამის სტრუქტურებს", - აღნიშნულია განცხადებაში.