იაპონიის "ფუკუსიმა_1-ის" ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, საკუთარი ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აშშ დასკნას გამოიტანს. ამის შესახებ ბარაკ ობამამ ადგილობრივ ტელეკომპანიებთან ინტერვიუში განაცხადა.
"ატომური ელექტროსადგურები იმ კონსტრუქციითაა აგებული, რომ განსაზღვრული სიძლიერის მიწისძვრებს გაუძლებს. თუმცა გარანტია მაინც არ არსებობს, რომ მარცხი არ მოხდება",_აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი.
მისი თქმით, როცა ასეთი ტრაგედია ხდება, აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, თვით სადგურის უსაფრთხოების სისტემების საკითხები შეისწავლონ. ამასთან, ობამამ აღნიშნა, რომ ენერგიის ყველა წყაროს გარკვეული ნაკლი აქვს და ენერგიის გამომუშავება, გარკვეულწილად, სარისკოა. ამის მაგალითად აშშ-ის პრეზიდენტმა გასულ წელს მექსიკის ყურეში მომხდარი ავარია დაასახელა.
ობამამ აღნიშნა, რომ ფუკუსიმაზე მომხდარი ავარიის მიუხედავად, აშშ ბირთვული ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებით საკუთარი გეგმების შეცვლას არ აპირებს.
ამასთან, ონამამ აღნიშბა, რომ იაპონიაში რადიაციის გაჟონვა აშშ-ს საფრთხეს არ უქადის. "მარწმუნებენ, რომ ნებისმიერი რადიაციული გაჟოვნა ჰაერში მანამდე გაიფანტება, სანამ ჰავაის მიუახლოვდება, რომ არაფერი ვთქვათ აშშ-ს კონტინენტურ ნაწილზე",_აღნიშნა ბარაკ ონამამ.
ცნობისთვის, აშშ-ში დღესდღეობით 104 ბირთვული რეაქტორი მოქმედებს, მათგან 20% აშშ-სთვის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, 11 მარტს იაპონიაში არაერთი განმეორებითი ბიძგი მოხდა, ყველაზე ძლიერმა მიწისძვრამ 9,0 მაგნიტუდა შეადგინა. ეს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, იაპონიის ისტორიაში ყველაზე დიდი მიწისძვრაა. მიწისქვეშა ბიძგებმა და მოგვიანებით მოვარდნილმა ცუნამმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონს უდიდესი ზარალი მიაყენა. უგზო-უკვლოდ 10 ათასზე მეტი ადამიანია დაკარგული. გარდა ამისა, იაპონიის ფუკუსიმას ატომურ კომპლექსზე საგანგებო სიტუაციაა შექმნილი, სადაც რამდენიმე აფეთქება და ხანძარი გაჩნდა. ამასთან, რადიაციის გაჟონვაც ფიქსირდება.