ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორის მამუკა ღლონტის ინიციატივას პრეს-ომბუდსმენის არჩევის შესახებ გამოხმაურება არ მოჰყოლია.
როგორც ღლონტმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, აღნიშნულის გამო "ამ თემის განხილვა გაჩერებულია".
"ამ თემის განხილვა გაჩერებულია, რადგან ვერაფრით შევკრიბე ჟურნალისტები, რომლებიც პრს-ომბუდსმენის სავარაუდო კანდიდატებს წარადგენდნენ.
ჩვენ, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ამ სფეროში ვტრიალებთ, როგორც ჩანს, პასუხისმგებლობა და კომუნიკაცია გვაკლია. მაგრამ, იმედია, ამ საკითხის წინ წამოწევა დროებით შეჩერდა და ამაზე მუშაობა მომავალში მაინც დაიწყება", - განაცხადა ღლონტმა.
მისივე განმარტებით, პრეს-ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღების ინიციატორი თავადაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მედიაში არსებული პრობლემა მხოლოდ "მისია და მისი გადასაჭრელია".
შეგახსენებთ, რომ პრეს-ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღების ინიციატივით ღლონტი ზაფხულში გამოვიდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ეს საკითხი სექტემბრამდე მოგვარდებოდა და მედიას შემოდგომაზე პრეს-ომბუდსმენი ეყოლებოდა, თუმცა ღლონტის ამ ინიციატივას გამოხმაურება არ მოჰყოლია.